„სააკაშვილის მხრიდან მიგრანტების უკონტროლო შემოყვანის მცდელობის ამოცანა ჩვენი სისტემის კოლაფსის პროვოცირებაა, ანუ ის, რაც დაემართა იტალიას და ესპანეთს“

„სააკაშვილის მხრიდან მიგრანტების უკონტროლო შემოყვანის მცდელობის ამოცანა ჩვენი სისტემის კოლაფსის პროვოცირებაა, ანუ ის, რაც დაემართა იტალიას და ესპანეთს“

საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. 31 მარტის საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქვეყანაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტითა (მათ შორის, მეტროთი) და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. პირს, რომელიც გადაადგილდება, პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეს. 70 წელზე ზემოთ პირებს აეკრძალათ გარეთ გასვლა. სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა სამ პირზე მეტის შესვლა იკრძალება.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია. დღეს გვყავს კორონავირუსით დაინფიცირებული 103 ადამიანი და გვაქვს 3 ისეთი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ.

რას მოიტანს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება და დარჩება თუ არა დრო პოლიტიკური პოპულიზმისთვის, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე ესაუბრა.

პრემიერი ამბობს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკმარისად ვერ გაიგო ის შეზუდვები, რაც დაწესებული იყო. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა საყოველთაო კარანტინის და კომენდანტის საათის გამოცხადება. რამდენად შეაჩერებს ეს შეზღუდვები მოსალოდნელი პანდემიის საფრთხეს?

- პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს, პანდემია უკვე მთელ მსოფლიოშია და ბევრ ქვეყანას მოიცავს. რაც შეეხება საქართველოს, ეს პრევენცია შემოიღეს იმის გამო, რომ იქნებ, დროში გაიწელოს კორონავირუსის გავრცელება. ვინაიდან მოქალაქეების ნაწილს გარკვეული თვითდისციპლინის უნარი არ გააჩნია და ჩვენ ვხედავდით, ამ დღეების განმავლობაში ქუჩებში საკმაო ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა, მთავრობა იძულებული გახდა, შემოეღო შეზღუდვების ეს რეგლამენტი. მე მგონი, სწორი იყო, რომ მთავრობა მანამდე არ ჩქარობდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას და ეტაპობრივად შემოჰქონდა შეზღუდვები, ვინაიდან ნებისმიერი შეზღუდვა ბუნებრივად აისახება ეკონომიკაზე და ჩვენი გამოწვევა არა მხოლოდ კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქებაა, არამედ არის ეკონომიკაც. საქმიანი აქტივობის ნებისმიერი შეზღუდვა იწვევს დარტყმას ეკონომიკაზე. ამდენად, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა და, ამასთან ერთად, თქვა ისიც, რომ შეზღუდვების ეს ნაწილი ნაკლებად შეეხება სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებს, რადგან ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს.

19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია. თუკი მანამდე არ გამოვალთ საგანგებო მდგომარეობიდან, რამდენად რთული იქნება მრევლისთვის ასეთი შეზღუდვების გაგება? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეკლესისთვის კომპრომისი იქნება დაშვებული?

- მრევლი იქნება თუ მთლიანობაში ერი, აქ დაყოფა აღარ შეიძლება. მრევლიც საქართველოს მოქალაქეებისაგან შედგება. არა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, არამედ სხვა კონფესიების მრევლმაც უნდა შეიგნოს, რომ ეს არის გამოწვევა ერისთვის, სახელმწიფოსთვის. ამდენად, რეგულაცია უნდა გავრცელდეს სხვადასხვა კონფესიის მრევლზეც და მათ უნდა გამოავლინონ პასუხისმგებლობა სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით.

სასულიერო პირთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ უკვე არის საშიშროება, დაპირისპირებულ ბანაკად გაიყოს ეკლესია, აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც ზიარების წესთან, თუნდაც ეკლესიაში სიარულთან დაკავშირებით.

- ჩვენ გვესმის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთა შეფასებები, რომ მსგავსი გამოწვევა კაცობრიობას არ ჰქონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამდენად, ყველაზე ეფექტური ბრძოლის ხერხი ამ დიდი საფრთხის წინაშე ერის კონსოლიდაციაა. ყველანაირი განხეთქილება, იქნება ეს შიდა ეკლესიური, შიდა კონფესიური, შიდა პოლიტიკური უნდა გადაიდოს და ერი გაერთიანდეს ერთიანი ამოცანის გადაწყვეტის გზაზე. ეს არის ნებისმიერი კონფლიქტის კონსერვაცია, ერთიანად მიღება შეზღუდვების, იმ აუცილებელი რეგლამენტის, რასაც გვთავაზობს მთავრობა. მთავრობასაც დიდად არ ეხალისებოდა ამ შეზღუდვების გამოცხადება, მაგრამ, ვინაიდან შიდა გავრცელების რისკი არსებობს და შიდა გავრცელების გამოვლენა ურთულესი რამაა, ჩვენი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე კონტროლიდანაა გასული. ისიც ვიცით, რომ ამ ვირუსს გააჩნია გავრცელებადობა, ვირულენტობა და შეიძლება პოტენციურად ვირუსის მქონემ გეომეტრიული პროგრესით გადასდოს ვირუსი სხვა ადამიანს და ერთ კვირაში მივიღოთ არა 90, არამედ 900 შემთხვევა. ამდენად, ნებისმიერი არამნიშვნელოვანი კამათი, რიტუალური და სხვა ტიპის აზრთა სხვაობა უნდა გადაიდოს გვერდზე და ერმა და ბერმა გაისიგრძეგანოს, რომ საფრთხე ემუქრება ყველას. ამ საფრთხეს აქვს დამანგრეველი ეფექტი ეკონომიკაზე. ცხადია, ყველა ქვეყანა მოერევა ამ ვირუსს, უბრალოდ, აქ მთავარია, რა ფასს გადავიხდით ამაში, მათ შორის, ეს ფასი იზომება არა მარტო ადამიანურ მსხვერპლში, არამედ ფულად გამოხატულებაშიც. შეიძლება ქვეყანამ დაამარცხოს კორონავირუსი, მაგრამ დარჩეს ეკონომიკის გარეშე. გარწმუნებთ, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას ეს აუცილებლად დაემართება. თუ არ გვინდა ჩავდგეთ ამ ქვეყნების რიგში და, პირიქით, გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა, განვიხილოთ ეს საფრთხე, როგორც შესაძლებლობა და მინიმალური დანაკარგით გადავლახოთ რთული პერიოდი, მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ ეკონომიკა, ამან შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოგვცეს მომავალში, ვიდრე დავკარგოთ. ეს არის ერის წინაშე მდგარი ამოცანა, რომ განიხილოს ეს საფრთხე, როგორც შესაძლებობა და გააკეთოს ყველაფერი, რათა ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს ქვეყანა და უფრო პოზიტიური პერსპექტივა დასახოს მომავლისთვის.

მიგრანტებზეც მინდა გკითხოთ, რომელთა ბედითაც სააკაშვილია აღელვებული. კომენდანტის საათის გამო რა ელით უცხოეთში მყოფ ქართველებს?

- მე მგონი, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი მიგრანტების ნაწილის ევაკუირება მოახდინა. ეს პროცესი დაწყებულია. გარდა ამისა, დაანონსებულია კონკრეტული განრიგი, როდის, საიდან, რამდენ ადამიანს ჩამოიყვანენ. ეს ვაჟბატონი, რომელიც „ზრუნავს“ ჩვენს ქვეყანაზე, რომლის მოქალაქეც არ არის, რატომღაც არ ზრუნავს იმ ქვეყანაზე, რომლის მოქალაქეცაა. არადა, უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების 3-კილომეტრიანი რიგი დგას. მე არ მახსენდება სააკაშვილის პრეტენზია ზელენსკის მისამართით, რომ უკრაინა არასაკმარის ძალისხმევას იჩენს და თავისი მიგრანტების ევაკუირებას არ ახდენს, რომლებიც ყოველგვარი სოციალური დისტანციის გარეშე არიან უკრაინის საზღვართან შეკრებილნი. ამ ადამიანების რაოდენობა ათასობითაა. ამდენად, ესეც იაფფასიანი სპეკულაციაა. გარდა ამისა, მიგრანტების უკონტროლო შემოყვანის მცდელობის ერთ-ერთი ამოცანაა სისტემის კოლაფსის პროვოცირება, ანუ ის, რაც დაემართა იტალიას და რაც ემართება ესპანეთს. ამ სუბიექტის მიზანია, რაც უარესია ქვეყნისთვის, ის უკეთესია მისთვის. ამდენად, ყალბი ზრუნვა მიგრანტებზე სხვა არაფერია, თუ არა ნეგატიური, დესტრუქციული პროცესების პროვიცირება, რათა უკონტროლო ნაკადის შემოსვლით ზიანი მიაყენოს ჩვენს სისტემას. არავინ მიატოვებს ჩვენს მიგრანტებს, მათ შორის, არალეგალურად წასულ ხალხს, ამიტომ სააკაშვილი დამშვიდდეს, დაწყნარდეს, ეს მას ნამდვილად არ ადარდებს, მისეული კონფლიქტების მოგვარების, პრევენციული ზომების განხორციელების უნარი 2008 წელს ვიხილეთ, როცა სააკაშვილმა რეზერვისტები და ცხედრები მიატოვა. ამდენად, ამაზე საუბარი შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ როგორც პოპულისტური განცხადება, არამედ მავნებლური, დესტრუქციული განცხადება, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში არც სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას და კიდევ ერთხელ არის მცდელობა პოლიტიკური განხეთქილებისთვის.