ყალბი პასპორტი მერაბიშვილის დანაშაულების გადასაფარად

ყალბი პასპორტი მერაბიშვილის დანაშაულების გადასაფარად

ახალი ხელისუფლების პროვოცირება თუ ვანო მერაბიშვილის უნებლიე და საბედისწერო შეცდომა - ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა ყალბი პასპორტით სცადა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციით, მან პრაქტიკულად, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა. დელეგაცია ერევანში მიემგზავრებოდა.

საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურმა მაშინვე დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე, თუმცა იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.

იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერაბიშვილის საქმეზე მოწმეთა ჩვენებებსაც აქვეყნებს, რომელზე დაყრდნობითაც for.ge შემოგთავაზებთ ამონარიდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის ზურაბ დარჩიაშვილის, ამავე სამსახურის თაამშრომლის გიორგი გიორგაძის და მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებებიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ჩვენებები და საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებულ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს.

ამონარიდი მესაზღვრე კონტროლიორის ვაჟა ღოღაძის ჩვენებიდან: „2012 წლის 30 ნოემბერს, მე ვმუშაობდი მოფრენის საერთო დარბაზში ხელმძღვანელობის დავალებით დაახლოებით 15:00 საათზე გადავედი ვიპ დარბაზში, როგორც ჩემთვის იყო ცნობილი უნდა შესრულებულიყო ე.წ ლიტერული რეისი, რაც ნიშნავს ქვეყნის პირველი პირების გაფრენას ან მოფრენას....ჩემთან მოვიდა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც მანამდე მომაწოდა პასპორტები და მან კვლავ მომაწოდა პასპორტი- საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაცემული ლევან მაისურაძის სახელზე . მე შევამოწმე აღნიშნული პასპორტი და აღმოვაჩინე, რომ მასში  იყო მოთავსებული (დატანილი) საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილი ფოტო-სურათი. ვინაიდან აშკარა შეუსაბამობა იყო პასპორტში არსებულ ფოტო-სურათსა და დემოგრაფიულ მონაცემთა შორის, მე პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. ...მე წარმომადგენელს ვკითხე თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის. მან დათვალიერების მიზნით გამომართვა პასპორტი დააკვირდა ფოტო-სურათს და თქვა, რომ პასპორტში მოთავსებული იყო ივანე მერაბიშვილის ფოტო-სურათი, რაზეც მე მას ვუთხარი დემოგრაფიული მონაცემებიც შეემოწმებინა. დემოგრაფიული მონაცემების შემოწმებისთანავე მან პასპორტი აღარ დამიბრუნა და მან პასპორტი მიუტანა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს.

ამ დროს მე დავინახე, რომ ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად იდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს ხმამაღლა თქვა რა პრობლემა არისო ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტახანში მოიტანენო. დაახლოებით 3-5 წუთში დარჩიაშვილმა მომაწოდა საქართველოს ეროვნული პასპორტი გაცემული ივანე მერაბიშვილის სახელზე, მასში მოთავსებული ივანე მერაბიშვილის ფოტო-სურათით, რაც მე შესაბამისი წესით გავატარე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე დავინახე თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში“.

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ზურაბ დარჩიაშვილის ჩვენებიდან: „დაახლოებით 15:30 საათზე სახელმწიფო დელეგაცია შეიკრიბა ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ვიწყებდით საპასპორტო კონტროლის გავლას სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე რამოდენიმე მეტრის მოშორებით ივანე ბერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი... ივანე მერაბიშვილის პასპორტი მე მივაწოდე ჩემს თანამშრომელს გიორგი გიორგაძეს... გიორგაძემ მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე კონტროლიორ პატრულ–ინსპექტორს.

რამოდენიმე წუთში გ.გიორგაძემ მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული პასპორტი არ იყო ივანე მერაბიშვილის... მე მივედი მესაზღვრე კონტროლიორთან სადაც ჩემმა თანამშრომელმა გიორგი გიორგაძემ მესაზღვრე კონტროლიორს გამოართვა და მე მომაწოდა ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული პასპორტი, მე გამოვართვი პასპორტი მას, შევამოწმე პასპორტის გრაფაში არსებული სახელი და გვარი რომელიც არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის სახელს და გვარს, კერძოდ როგორც მე მახსოვს ხსენებული პასპორტი გაცემული იყო ლაშა მაისურაძის სახელზე თუმცა მე არ დამიხედავს და ამჟამად აღვნიშნავ, რომ ყურადღებით არ დამითვალიერებია ხსენებული პასპორტი რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში, ანუ ვისი სურათი იყო პასპორტში ჩაკრული არ ვიცი, მე ზეპირად ვიცოდი საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პირების სია და ლაშა მაისურაძე არ ირიცხებოდა ამ სიაში და აქედან გამომდინარე ხსენებული პასპორტი დავუბრუნე პირადად ივანე მერაბიშვილს.

ივანე მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს და მართლაც 5–7 წუთში, ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც, შესაძლოა, იყო ივანე მერაბიშვილის თანმხლები პირი მოიტანა ივანე მერაბიშვილის პასპორტი რომელიც წესის და რიგის შესაბამისად გადაეცა მესაზღვრე-კონტროლიორს“.

ამონარიდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი გიორგაძის ჩვენებიდან: „აეროპორტის ვიპ დარბაზში შემოვიდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელმაც პასპორტი გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს, ხოლო მან თავის მხრივ გადმომცა მე იმ მიზნით, რომ პრეზიდენტთან და სხვა დელეგაციის წევრებთან ერთად გაევლო ივანე მერაბიშვილს საპასპორტო კონტროლი და გამგზავრებულიყო მათთან ერთად ქ.ერევანში. მე ისე, რომ ზურაბ დარჩიაშვილის მიერ გადმოცემული ივანე მერაბიშვილის პასპორტისათვის არც კი დამიხედავს ისე წარვუდგინე პატრულ–ინსპექტორს (მესაზღვრე–კონტროლიორს) და მივბრუნდი აეროპორტის დარბაზში, რამდენიმე წუთში პატრულ–ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და ამ პასპორტით ვერ მიცემდა ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას. მე დავუძახე იქვე დარბაზში მყოფ ზურაბ დარჩიაშვილს და ვუთხარი, რომ ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით იყო პრობლემები. კერძოდ პატრულ–ინსპექტორი (მესაზღვრე–კონტროლიორი) აცხადებდა, რომ ჩემს მიერ წარდგენილ პასპორტში არსებული დემოგრაფიული მონაცემები არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის დემოგრაფიულ მონაცემებს. ზურაბ დარჩიაშვილმა პატრულ–ინსპექტორს გამოართვა აღნიშნული პასპორტი და რამოდენიმე წუთში მოიტანეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომლის საშუალებითაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოფიციალურ დელეგაციის წევრებთან ერთად ქ. ერევანში“.

ამონარიდი ყოფილიპრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჩვენებიდან: „2012 წლის 30 ნოემბერს ე.წ ვიპ დარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი ჩემი სახელი და გვარი ივანე მერაბიშვილი დაბადებული 15.04.1968 წელი და შესაბამისი პირადი ნომერი, რომელიც არ მახსოვს. დასმულ შეკითხვაზე დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე. გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც ასევე დავბრუნდი საქართველოში არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება. მე ლევან მაისურაძეს დაბადებულის 12.02.1970 წელს არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია“.

შს სამინისტროს თავისი ახსნა აქვს, თუმცა საინტერესოა, რატომ არ მოხდა ივანე მერაბიშვილის მაშინვე დაკავება და ყალბი პასპორტის ამოღება. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში 2011 წლის აგვისტოში გაცემული პასპორტი ლევან მაისურაძის სახელითა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათით, მართლაც არსებობს.

საინტერესოა, რაში სჭირდებოდა ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი. ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, გამოითქვა ასეთი ვერსია, რომ თავისი პასორტით გადიოდა საქართველოდან, თუმცა შემდეგ, სომხეთიდან სხვა პასპორტით შეიძლებოდა გასულიყო სხვა ქვეყანაში. ამდენად, მისი მოძებნა აეროპორტების დოკუმენტაციით, შეუძლებელი გახდებოდა.

„ასეთი სქემა ჩანს, ოღონდ, რა თქმა უნდა, იურიდიულ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ. თუ ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ გამოდის, რომ ყოფილ პრემიერს უფრო დიდი დანაშაულების დაფარვა სჭირდებოდა. ეს იყო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და ყოფილი პრემიერი დარწმუნებული არ არის, რომ გადარჩება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ფაქტი სახეზეა, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ პასპორტი, რომელიც გაცემულია ვიმე ლევან მაისურაძეზე, რეალურად არის ყალბი.

„ამ სიყალბეში როგორც ჩანს, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული ბიუროც არის ჩართული და ჩანს, ბატონი ვაშაძის დაკითხვაც გარდაუვალი იქნება. თუკი მერაბიშვილი და მისი გუნდი შეეცდება ამტკიცოს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციას ახორციელებს, მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტი გაიცა, ბუნებრივია, მერაბიშვილისა და ვაშაძის ნების გარეშე ამ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრში ვერავინ შეიტანდა. დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი ესაქმებოდა და ხელი არ მიუწვდებოდა იმ ბაზამდე. რეალურად, გაყალბება მომხდარია ძველი ხელისუფლების პირობებში და ლევან მაისურაძის უკან ნამდვილად დგას ვანო მერაბიშვილის პიროვნება. ყალბი ეროვნული პასპორტის გაცემამ ძალზე ბევრი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა გამოიწვიოს. როგორც რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, ეს გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი. სერიოზული საჯარო ინტერესის მატარებელი საქმეა და ზუსტად უნდა ვიცოდეთ ის გარემოებები, როგორ მოხდა ყალბი დოკუმენტის ჯერ დამზადება ხოლო შემდეგ სარგებლობა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

თავად ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და მან ყალბი პასპორტის შესახებ არაფერი აცის. თუმცა, ალბათ, ძალზე საინტერესო იქნებოდა, გამოძიებას მოეკვლია, ლევან მაისურაძის სახელით ხორციელდებოდა თუ არა რაიმე ოპერაციები, თუნდაც ფინანსური. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია, ალბათ, მაინც შესაძლებელი იქნება მოძიება, რა ქონებას ფლობს იგივე ლევან მაისურაძე საქართველოში ან უცხოეთში. თუ გასულ წელს შს მინისტრმა მერაბიშვილმა მსგავსი დოკუმენტი მართლაც დაამზადა, ცხადია, საამისოდ საკმაოდ სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონოდა და ეროვნულ პასპორტს არჩევნებში ნაცმოძრაობისთვის ერთი ზედმეტი ხმის მისასცემად არ დაამზადებინებდა გიორგი ვაშაძეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ  ვანო მერაბიშვილი აეროპორტშივე, ყალბი პასპორტით უნდა დაეკავებინათ.

„არ ვიცი, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეტარებინათ ბატონი მერაბიშვილი. არ მესმის რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება. იმედი ვიქონიოთ, რომ მხოლოდ ნამუსზე ასაგდები სიტყვები, რომ ვანო მერაბიშვილს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და აღიაროს, არ დარჩება ახალი შს მინისტრის პროზაულ ფრაზად და სამართლებრივი მოქმედებები გაგრძელდება ამ საკითხის ბოლომდე მისაყვანად. საზოგადოებას ეცოდინება, ზუსტად რა მოხდა აეროპორტში, როდესაც პრეზიდენტი და მისი ამალა მიემგზავრებოდნენ ერევანში“,- აცხადებს დიმიტრი ლორთიფანიძე.

რაც შეხება დანაშაულს, ლორთქიფანიძის შეფასებით, დანაშაული მომხდარია, სახეზეა სსკ 362-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლებრივი ქმედება, ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

„ეს პასპორტი წარმოდგენილია არა მერაბიშვილის, არამედ პროტოკოლის მიერ. ასე რომ, პროტოკოლის თანამშრომლის ჩვენებაც საინტერესო იქნება, რომ შემდგომში არ მოხდეს ფაქტებით მანიპულირება, რომ მე არ გადამიცია და ა.შ. ვანო მერაბიშვილმა გააკეთა კიდეც განცხადება, რომ ამაზე მხოლოდ ირონიულად შეიძლება  მსჯელობაო. ირონია და იუმორი რომ გამოირიცხოს ადა ანეკდოტები არ აგორდეს ამ თემაზე, საჭიროა დროული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც დაკავშირებულია ამ ყალბი პასპორტის დამზადებასა და გამოყენებასთან. ლევან მაისურაძე თავისი პირადი ნომრით და საცხოვრებელი მისამართის მითითებით გატარებულია რეესტრში. ამ რეესტრში გატარებას ჰყავს ოპერატორი, თავისი უფროსებით. ფაქტია, რომ სიყალბე გამოიკვეთა და შეუძლებელია ეს საქმე მიიჩქმალოს“,- აცხადებს დიმიტრი ლოეღქიფანიძე.

სავარაუდოდ, ახალმა ხელისუფლემამ აეროპორტში მერაბიშვილის არდაკავებით კიდევ ერთ სკანდალს აარიდა თავი, რადგან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე დასავლეთის მხრიდანაც მუდმივად ისმის, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა ხდება...

„უცხოეთის მხრიდან მკაცრი განცხადებები იმას ეხება, რომ ეს ნაბიჯები გამჭვირვალე და დამაჯერებელი იყოს, თორემ, ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, დაფიქსირებულია, რომ ყალბი დოკუმენტი იყო“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ხომ არ არის ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პროვიკაცია იმისათვის, რომ საბოლოოდ, საქმეს პოლიტიკური იერი მიეცეს და ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოხდეს? რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ ვერსიას გაიზიარებდა, თუმცა მაშინ გაუგებარია, რისთვის დასჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყალბი პასპორტის დამზადება. რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ როდესაც კაცი ჯიბეში იდებს პასპორტს სხვა ადამიანის სახელითა და გვარით, ბუნებრივია, მას უცხო სახელისა და გვარის ქვეშ საკუთარი ვინაობის დამალვა უნდა, აბა, ის პასპორტი თბილისში სასიარულოდ ხომ არ უნდოდა?!

თუ დანაშაული სახეზეა, ცხადია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მეორეა, რა რეაქცია ექნება ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას დასავლეთის მხრიდან. მოლოდინი, რომ ვანო მერაბისვილის დაკავების შემთხვევაში მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიეწებება, საკმაოდ დიდია. ასე რომ, ხელისუფლებას საკმაოდ დიდი მუშაობა დასჭირდება იმისათვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს.

„ენას ძვალი არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ მაგას იძახის და ახლაც ამას დაიძახებენ. უცხოეთმაც თუ ძალიან მოინდომა, ალბათ, იგივეს დაიძახებს და საერთოდ, მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უცხოეთის შეფასებები არ ატარებს თავისთავად პოლიტიკურ ამოცანას. გაცილებით უფრო მძიმე მოვლენების შემთხვევაში ამას არ აკეთებდა უცხოეთი. სატელევიზიო დაჭერები რომ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ არ დაუყენებიათ პოლიტიკური დევნის თემა.

თითქმის, ოფიციალურად გაჟღერდა, რომ ლობისტური მექანიზმები მუშაობს, ამის გარდა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც  დღეს უცხოეთში მოღვაწეობენ, უკვე კარგად იცნობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. საქართველოს დიპლომატიური კორპუსი, რომელიც უცხოეთშია, ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დეევნაა. თუ დიპლომატები ამბობენ, პოლიტიკური დევნააო, უცხოელსაც რა ენაღვლება, იგივეს იტყვის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.