ქართველებმა თხუთმეტკარატიანი ბრილიანტი მოიპარეს?!

ქართველებმა თხუთმეტკარატიანი ბრილიანტი მოიპარეს?!

ავსტრიაში სტრადივარიუსის ვიოლინოს მოპარვას დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც გაირკვა, ქართველ მძარცველებს წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ, რა მოიპარეს.

ჩვენი ინფორმაციით, ახლახან გერმანიის ქალაქ ჰანოვერში კიდევ ერთმა ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ „გამოიჩინა თავი“ - კერძო კოლექციიდან მოიპარეს თხუთმეტკარატიანი ცისფერი ბრილიანტი. მფლობელმა საქმის გახმაურება არ ისურვა და ძიება ნახევრად საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობს.

ამ საქმეზე დღეს საქართველოში იმყოფება გერმანელი კერძო დეტექტივი დიტრიხ ცინკლერი. მისი თქმით, ბრილიანტის ძიება საქართველოს გარდა კიდევ ორ ქვეყანაში - რუსეთსა და ესპანეთში მიმდინარეობს: - ბრილიანტს საინტერესო ისტორია აქვს.

სამოცკარატიანი ცისფერი ალმასი მე-19 საუკუნის ბოლოს იპოვეს სამხრეთ აფრიკაში და მისი დამუშავების შემდეგ სამი ბრილიანტი მიიღეს. ერთ - ერთი ბრილიანტი თავდაპირველად ვარშაველი ებრაელების საკუთრება ყოფილა, მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გერმანელებმა გაიტანეს. რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მისი ასავალ - დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს ლონდონის აუქციონზე გამოჩნდა, სადაც დღევანდელი პატრონის მშობლებმა შეიძინეს.

რატომ ბრალდებათ ქართველ კრიმინალებს ამ ბრილიანტის მოპარვა?

- გასულ წელს ამ ოჯახში მძღოლად მოეწყო ვინმე ვალოდია ბელოვი. ოჯახის რომელიღაც წინაპარი რუსი ყოფილა და ამიტომ რუსებს კეთილი თვალით უყურებდნენ. ბელოვი მალე გაშინაურდა. ცოტა ხნის შემდეგ სახლის პატრონებს საცოლეც გააცნო - ქართველი გოგონა, ვინმე მაგდა, და მისი მოსამსახურედ მიღება ითხოვა, ძალიან გვიჭირს და დამატებითი შემოსავალი კარგი იქნებოდაო.

ეჭვი არავის არაფერში შეჰპარვია. ვალოდიას ენდობოდნენ და მისი საცოლე დამლაგებლად აიყვანეს. ზოგჯერ პროდუქტების შეძენასაც ავალებდნენ. ერთი თვის წინ შინ დაბრუნებულ მეპატრონეებს სეიფი გაღებული დახვდათ - ბრილიანტი და რამდენიმე ათასი ევრო სეიფში აღარ იყო. ვალოდია და მისი საცოლეც დაიკარგნენ. ამიტომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მძარცველები სწორედ ისინი არიან.

თუკი ძარცვაში ერთი ქართველი ქალი მონაწილეობდა, ქართულ დაჯგუფებაზე ლაპარაკი ნაადრევი ხომ არ არის?

- როცა ხელის ანაბეჭდები შევისწავლეთ და კომპიუტერულ მონაცემებს შევადარეთ, დავადგინეთ, რომ ვალოდია ბელოვი იგივე გიორგი ქართველიშვილია, რომელიც სამი წლის წინ გაათავისუფლეს გერმანიის ციხიდან, სადაც ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. მონაცემებში მითითებული იყო თბილისში მისი საცხოვრებელი ადგილი, აქ ამიტომაც ჩამოვედი, მაგრამ ამ მისამართზე ასეთი კაცი არ ცხოვრობს და არც არასოდეს უცხოვრია.

თქვენ ფიქრობთ, რომ მან ბრილიანტი საქართველოში ჩამოიტანა?

- ნაკლებსავარაუდოა. ბრილიანტი იმდენად ძვირფასია, საქართველოში მისი გაყიდვა ძალიან გაჭირდება. ჩვენ გვინდა იმ წრეზე ინფორმაცია, რომელშიც დამნაშავე ტრიალებს, მაგრამ ამის გაგება ძნელი აღმოჩნდა. მისი ხელის ანაბეჭდები თქვენს კარტოთეკაში არ არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ხელცარიელმა უნდა დავტოვო. ასევე გაურკვეველია ქართველიშვილის თანამონაწილე ქალის ვინაობაც.

თქვენ ბრძანეთ, რომ ძიება რუსეთსა და ესპანეთშიც მიმდინარეობს. ფიქრობთ, რომ დამნაშავე ამ ქვეყნებში შეეცდება ბრილიანტის გაყიდვას?

- ვფიქრობ, ბრილიანტს მძარცველი არც გაიტანს ბაზარზე. მას ყველა კოლექციონერი იცნობს და მისი გამოჩენა უმალვე ყურადღების ცენტრში მოაქცევს შემომტანს. ჩანს, საქმე უფრო რთულადაა. ჩვენი ვერსიით, მძარცველები კერძო კოლექციონერის შეკვეთას ასრულებდნენ. ბრილიანტის მეპატრონეებს ხშირად სთავაზობდნენ მის გაყიდვას, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ. ეტყობა, რომელიმე კოლექციონერმა გადაწყვიტა მისი ხელში ჩაგდება და დასახმარებლად ქართველ კრიმინალებს მიმართა.

ცოტა ხნის წინ მოსკოვში ერთი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. ეს ბრილიანტის ისტორიას ხომ არ უკავშირდება?

- არის ისეთი საკითხები, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკი ჯერჯერობით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამჟამად ჩვენი ერთადერთი მიზანი მძარცველების კვალზე გასვლაა. როგორც ჩანს, ისინი ბევრად უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე სტრადივარიუსის ვიოლინოს ქურდები. დღემდე უცნობია, როგორ შეძლეს სეიფის გახსნა, მაშინ როცა საიდუმლო შიფრი ოჯახის მხოლოდ ერთმა წევრმა იცოდა. ფულისა და ბრილიანტის გარდა სეიფში ფასიანი ქაღალდებიც ინახებოდა. მძარცველებმა მათ ხელიც კი არ ახლეს. არადა, მათი ბაზარზე გატანით დიდ თანხას აიღებდნენ. რაც შეეხება ესპანეთსა და რუსეთში მიმდინარე ძიებას, გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართველიშვილი ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია. ასე რომ, რაღაც კვალი მაინც არსებობს და ვიმედოვნებთ ბრილიანტს პატრონი მალე დაიბრუნებს უკან.

რა ღირს ეს ბრილიანტი?

- საიდუმლოა, მაგრამ გეტყვით, რომ იაფი არაა...