ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე?!

ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე?!

"ბატონებო, ვარ მე ლევან მაისურაძე?!“-ასეთი რიტორიკული პასუხი გასცა ნაციონალური  მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას – ეკუთვნოდა თუ არა მას ვინმე ლევან მაისურაძის სახელით გაცემული პასპორტი?!

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შსს-ს შენობაში დაკითხვაზე 18:00 სათზე დაიბარეს. მართლაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დათქმულ დროს შს სამინისტროს ძველ შენობაში დაკითხვაზე მივიდა.

მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები როგორც მას, ასევე, მის გუნდს ვერ შეაშინებს და ხელს ვერ ააღებინებს, რომ მათ იბრძოლონ საქართველოსთვის. „მინდა განვუცხადო ბიძინა ივანიშვილის პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს გუნდს მუქარით, დაკითხვებით, დაჭერით, შანტაჟით ვერ შეგვაშნებს, მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის. მზად ვარ, მივიდე ნებისმიერ ადგილას, გავცე ნებისმიერ შეკითხვას პასუხი,“-აღნიშნა მერაბიშვილმა.

საუბარია იმაზე, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაცის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რათა ამავე დელეგაციის შემადგენლობით ერევანში გამგზავრებულიყო. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა, კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.

თუმცა იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება, წარედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა. დღეს კი ივანე მერაბიშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია წუხელ პრეზიდენტის ესკორტით არ დაუტოვებია. ამდენად, იგი სრულ აბსურდად მიიჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს ვანო მერაბიშვილი ყალბი პასპორტით აპირებდა ქვეყნიდან გასვლას. ირმა ნადირაშვილის თქმით, იგი უშუალოდ ახლდა მერაბიშვილს და შეუძლია თქვას, რომ ვანო მერაბიშვილმა ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი ფეხით გაიარა და შემდეგ თავისი მანქანით, და არა პრეზიდენტის ესკორტით, დატოვა აეროპორტის ტერიტორია, თუმცა წუხელ ასეთი კითხვები მისთვის არ დაუსვამთ.

მისივე ინფორმაციით, აეროპორტში წუხელ სპეცრაზმი იყო მობილიზებული, სპეცოპერაციას კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. ამდენად, ირმა ნადირაშვილი აეროპორტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული შესაბამისი მასალების გასაჯაროებას და გამოქვეყნებას მოითხოვს და ამ ყველაფერს აბსურდის თეატრს უწოდებს.

თავის მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ფაქტი ერთია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

For.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მიმართ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ზოგადად ამ მოვლენას- ორპასპორტიანობას?!  

ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენების მცდელობა დაუჯერებლად აღარ ეჩვენება ყველაფერ იმ ფონზე, რაც საქართველოს მოსახლეობამ გადაიტანა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, მერაბიშვილის მიერ ჩადენილი ქმედებებით.

„უამრავი კონკრეტული დანაშაულის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. ამიტომ დაუჯერებელი არაფერი არ არის. არც ყალბი პასპორტით გასვლა. საერთოდ, არაფერი არ მიკვირს ამ ქვეყნაში. რა თქმა უნდა, გამოძიებას აბსოლუტურად შეუძლია, ამ საქმიდან დაიწყოს და უფრო მსხვილ დანაშაულებზე გავიდეს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. რა თქმა უნდა, თუკი ვანო მერაბიშვილს ფარულად უნდოდა ქვეყნის დატოვება, სწორედ ამ მიზნით დასჭირდებოდა ყალბი დოკუმენტი. ის ფაქტი, რომ ლევან მაისურაძის სახელზე გაცემულ დოკუმენტზე ვანო მერაბიშვილის ფოტო იყო, ეს უკვე სიყალბე და დანაშაულია. მეორე დანაშაული კი ისაა, რომ მან უკანონოდ საზღვარი გადაკვეთა“,-აღნიშნა ლალი აფციაურმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში სწორედ ვანო მერაბიშვილის მიერ დაკავებული უამრავი ადამიანი გასამართებულა ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო.  ამდენად, ადვოკატი აცხადებს, რომ მერაბიშვილმა თავად ყველაზე კარგად იცის, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ შემთხვევაში, საუბარია უშუალოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენებაზე. რაც შეეხება ყალბი დოკუმენტის დამზადებას, ლალი აფციაური თვლის, რომ ახლა ვანო არ დაჯდებოდა და არ დაამზადებდა ყალბ პასპორტს და ეს სხვის მიერ არის გაკეთებული.

ამდენად, ლალი აფციაური არ გამორიცხავს, რომ დაკითხვის შემდეგ ვანო მერაბიშვილი არც გამოუშვან, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა და უკვე ჰქონდა მცდელობა, მიმალულიყო. ამიტომ ადვოკატის აზრით, საკითხის ასეთნაირად დაყენება, რომ გამოუშვით ვანო და ის არ მიემალება გამოძიებას, უსაფუძვლოა, ვინაიდან მას უკვე ჰქონდა მიმალვის მცდელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა, ლალი აფციაური მაინც აცხადებს, რომ რატომ და როგორ დაბრუნდა ვანო მერაბიშვილი, ეს ალბათ გაირკვევა, მაგრამ, მთავარია, რომ მერაბიშვილს მიმალვის მცდელობა ჰქონდა.

ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყალბი პასპორტის გამოყენება იმდენად აბსურდული ქმედებაა, რომ შეიძლება ეს სპეციალურადაც კი გაკეთდა ვანო მერაბიშვილის წარმომადგენლის მხრიდან, რათა ამ აბსურდზე შემდეგ ააგონ მთელი პათოსი, ხედავთ, რას მიგონებენო. არადა, ადვოკატის თქმით, ამის მოგონება ძალიან ძნელია. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ უკვე გვაჩვენეს ყალბი პასპორტი და ეს დოკუმენტი მართლაც არსებობს. ამდენად, ადვოკატს მიაჩნია, რომ მერაბიშვილს სურს, ასეთნაირად წარმოაჩინოს საქმე, ჩვენ კი არ წარგვიდგენია ეს პასპორტი, არამედ თვითონ ახალმა ხელისუფლებამ დაამზადებინა ეს ყალბი დოკუმენტი და მის წარდგენას მაბრალებენ. ამიტომ იმის დადგენა, მართლაც წარადგინა თუ არა მერაბიშვილის მხარემ ეს დოკუმენტი, შესაძლებელია ვიდეოთვალის მეშვეობით.  

„იმდენად აბსურდულია ყალბი დოკუმენტის წარდგენა, რომ ეს მართლაც სპეციალურად იქნება გაკეთებული, რომ შემდეგ ამაზე წამოაგონ ახალი ხელისუფლება. თუ ეს ასე არაა, მაშინ მეორე ვარიანტია, რომ რაღაც შეეშალათ, მაგრამ ასეთი შეცდომა და შეშლა, რომ ყალბი დოკუმენტი სპეციალურად დაამზადო, არ ხდება. ამიტომ ამ გაუგებრობის აღმოფხვრა-მერაბიშვილის ხალხმა დაამზადებინა თუ ახალმა ხელისუფლებამ წარადგინა ეს ყალბი დოკუმენტი, შეიძლება, გაარკვიონ ვიდეოთვალის საშუალებით. როგორც ვიცი, თვითონ ვანო მერაბიშვილს არ წარუდგენია ეს დოკუმენტი და რომელიღაც მისმა წარმომადგენელმა წარადგინა სხვადასხვა პასპორტი, მათ შორის, მერაბიშვილის პასპორტიც. ხელმეორედ კი მერაბიშვილმა წარადგინა ნამდვილი პასპორტი“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, 362-ე მუხლი, რაც ყალბი დოკუმენტების დამზადებას შეეხება, ვადით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა გელა ნიკოლაიშვილი ეჭვობს, რომ ამის გაპიარება ისევ მერაბიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დაუჯერებელია, მას ეს გაეკეთებინა. ადვოკატის აზრით, მერაბიშვილის მიმართ ისედაც  უამრავი კითხვა იქნებოდა. უფრო მეტიც, ამდენი დაკითხვებისა და სხვადასხვა ჩინოვნიკის დაკავების შემდეგ ეს მტკიცებულებები ისედაც იქნება. ამდენად, ამ მტკიცებულებების მოპოვებასა და შესწავლას გარკვეული დრო ისედაც სჭირდება და ეს ერთ დღეში ან ერთ თვეში არ მოხდება.