ბიზნესს უკვე უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა და როგორც ჩანს, მათთვის ახლო პერიოდში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. პირიქით, აპრილში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ კრიზისს ვერ გაუძლებენ.
ადგილობრივი წარმოებას ისეთი რთული პერიოდი უდგას, ძველი პრობლემები სრულად დაავიწყდა. სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი კორონავირუსის გავლენით მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილ მდგომაროებას აფასებს და მიიჩნევს, რომ კერძო სექტორი საქართველოში არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა.
„საქართველოში შემოსავლები რამდენიმე მიმართულებიდან შემოდიოდა. პირველი - ეს იყო ტურიზმიდან შემოსავალი. შარშანიყო 9 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი, წელს კარგ ვარიანტში შეიძლება იყო სამის ნახევარი. შესაბამისად, ის ფინანსური შემოსავალი, რაც ამ მიმართულებიდან შემოდიოდა აღარ შემოვა; მეორე - ეს იყო უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხები, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, პირიქით, ქვეყანაში დაბრუნდებიან და საარსებო სახსრების გარეშე დარჩებიან; მესამე - ეს იყო ინვესტიციები, რომლის ერთადერთი რესურსი ახლა ის არის, რომ სახელმწიფომ მოიზიდოს ფინანსური ინსტიტუტებიდან, დანარჩენი დიდი ინვესტიციები ამ კრიზისულ პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა; გარდა ამისა, ჩვენს სამეზობლოში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა, მეტნაკლებად პრობლემებია და შესაბამისად, ეს ექსპორტზე იქონიებს აუცილებლად გავლენას.
ასე რომ, ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დაბალი იქნება -კარგ შემთხვევაში განახევრდება. რამ უნდა მოგვცეს იმის საფუძველი, რომ ლარის სტაბილურობა შევინარჩუნოთ? მისი სტაბილურობა პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე და ჩვეულებრივი ადამიანების კეთილდღეობაზე, აქედან გამომდინარე, იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ კრიზისს ვერ გაუძლებენ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილები მეწარმე თემურ ჭყონია კი ფირობს, რომ კორონავირუსისგან გადარჩენის გზაა ჭკუა, დისციპლინა, მოტივაცია, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის დონე, შესაბამისად, ამ ვირუსს ერთი „დადებითი“ მხარე აქვს - ეს არის ტესტი, როგორც მთავრობისთვის, ისე - ბიზნესისთვის, რა შეუძლიათ კრიზისულ მდგომარეობაში.
„ნებისმიერი ადამიანის სახე გამოჩნდება ამ კრიზისულ სიტუაციაში, როგორ იქცევა, რადგან ეს ხომ დროებითია. რაღაც პერიოდში, ეს რომ დამთავრდება, ჩვეულებრივ სიტუაციაში ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რა ვალდებულებები აიღეს საკუთარ თავზე სახელმწიფოს, ბიზნესის, თანამშრომლების წინაშე. ეს არის ტესტირება, რამდენად ჩამოყალიბებულია გამოწვევების წინაშე როგორც ბიზნესი, ისე - სახელმწიფო“, - მიიჩნევს თემურ ჭყონია.
ბიზნესმენი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს კრიზისის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გეგმა სჭირდება და ეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა მოამზადოს.
„ჩემი აზრით, კრიზისული მენეჯმენტი აბსოლუტურად განსხვავდება იმ მენეჯმენტისგან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ეს ცალკე ხელოვნება, ცოდნაა. რამდენად ძლიერია ამ მხრივ ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ახლა გამოჩნდება. მაინც მგონია, რომ უფრო მეტი რამ უნდა გადმოიღონ იმ ქვეყნებიდან, რომელთაც ასეთი კრიზისული სიტუაცია ჰქონიათ ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ შევხედავთ ამირან გამყრელიძეს ან თენგიზ ცერცვაძეს, მათ ხელში აიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პროცესების მართვა და ეს თემა კარგად გამოსდით “, - განაცხადა „ბიზნეს მედასთან“ საუბრისას ბიზნესმენმა.
კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ჯერჯერობით ოპტიმიზმის ვერანაირ ნაშნებს ვერ ხედავს. ვირუსის შეჩერების მცდელობას მომხმარებლის აქტივობის შემცირება ახლავს, ოპერირება ბაზარზე რთულდება და აპრილში უცნობია რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება ბიზნესსექტორი.
„ასეთი კრიზისისთვის არავინ იყო მზად. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა, განვახორციელეთ ყველა ღონისძიება უსაფრთხოების კუთხით - იქნებოდა ეს ოფისების დეზინფექცია თუ თანამშრომლების აღჭურვა ყველა საჭირო საშუალებებით. მზად ვიყავით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით გვემუშავა, მაგრამ რაც უფრო იმატებს შეზღუდვები საქმიანობაში, მით უფრო ძნელდება ოპერირება, შესაბამისად, მომხმარებლის აქტივობაც მცირდება.
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვეგრძელებინა მუშაობა ისე, რომ დაგვეცვა თანამშრომლები, კომპანია, ოჯახის წევრები და საზოგადოება. ახლა ჩვენი კომპანია ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით მუშაობს, თანამშრომლები მორიგეობით დადიან, შემოსავლები შემცირდა“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ბიზნესმენებთან ერთად კორონავირუსის უარყოფით ეფექტზე საუბრობს ბიზნეს ომბუდსმენიც.
„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც საქართველო ეფექტურად უმკლავდება, თუმცა მას აქვს თავისი გარკვეული ნეგატიური ეფექტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე. განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაზე. ჩვენ მოვისმინეთ ის პრობლემები, რომელიც აქვს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.