მარინა ეზუგბაია: ინფიცირებულ ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსის დიაგნოზიც დასტურდება

მარინა ეზუგბაია: ინფიცირებულ ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსის დიაგნოზიც დასტურდება

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ასაკოვანი ქალბატონის შემთხვევაში ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, აღნიშნულ პაციენტთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება.

„ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებაშიც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, ასევე თან არსებული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსის დიაგნოზიც დასტურდება, შესაბამისად წარმოებს მისი მკურნალობა. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.