მოსკოვის „ლოკომოტივს“ დამდეგი სეზონიდან დიდი ალბათობით, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რუსული მედიის ცნობით, სერბი სეპცაილისტი მარკო ნიკოლიჩი „რკინიგზელებს“ შეუთანხმდა.
ნიკოლიჩი იური სიომინს შეცვლის, რომელიც შედეგების მიუხედავად მოსკოვურ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. 40 წლის სერბს აქამდე „რადი“, „ვოივოდინა“, „პარტიზანი“, ლუბლიანას „ოლიმპია“ და უნგრული „ფეჰერვარი“ გაუწვრთნია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლიჩი ვიკიპედიაში უკვე „ლოკომოტივის“ მწვრთნელად წერია.
რაც შეეხება სიომინს, კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, სპორტულმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ კი, აღნიშნა, რომ რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ, ერთ-ერთი სიომინთან ხელშეკრულების გაგრძელებაცაა. რუსი პეციალისტის ქართველი ფეხბურთელებისადმი ნდობით გამოირჩევა და „ლოკოტივის“ ოქროს ხანაც მას უკავშირდება. 72 წლის მწვრთნელი „ლოკოს“ 1986-1990, 1992-2005, 2009-2010 და 2016 წლიდან დღემდე წვრთნის. ამ პერიოდში გუნდს სამჯერ მოაგებინა რუსეთის ჩემპიონატი, ექვსჯერ რუსეთის თასი და სამჯერ რუსეთის სუპერთასი, ევროტურნირებზე კი ხშირად ათამაშებდა.
ამრიგად, თუ სოლომონ კვირკველია ზაფხულში გუნდს არ შეიცვლის, დიდი შანსია, რომ თამაში ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოუწიოს.