პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ „ემ კვადრატის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, პრემიერმა დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, მათ შორის ის, რომ მთავრობა დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების მოზიდვაზე მუშაობს და საუბარია კონკრეტული პაკეტის ძალიან სწრაფად მოზიდვაზე.

ეს კი ბურდილაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას წაადგება.

„გარდა ამისა, პრემიერისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქცენტები გაკეთდება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე, რადგანაც ეს პროექტები არის შიდამოთხოვნის წარმოშობის წყარო. თითოეულმა კომპანიამ თავისი ხედვა წარმოადგინა და მთავარი აქცენტი, რომელიც გაკეთდა - უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ჩვენს კომპანიას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო გეგმა წლის ბოლომდე აქვს გაწერილი, რომელსაც მივყვებით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ, თუმცა ეს პროცესი ახალი წესებით მიმდინარეობს - ვამოწმებთ თანამშრომლებს და ვიცავთ იმ ზომებს, რომელიც რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ბიზნესი და მთავრობა ერთად უნდა დადგეს.

თავის მხრივ, „არ ემ ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კახა მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია, თუმცა პრემიერი დაჰპირდა, რომ ეს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

მისი თქმით, არის პრობლემები, რადგან კომპანია ოპერირეს დმანისში, თეთრისწყაროსა და ბოლნისში.