დავით ზალკალიანი: საელჩოების პერსონალი გადასულია საქართველოს მოქალაქეების 24-საათიან მომსახურებაზე

დავით ზალკალიანი: საელჩოების პერსონალი გადასულია საქართველოს მოქალაქეების 24-საათიან მომსახურებაზე

24-საათიან რეჟიმში საელჩოების პერსონალი გადასულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„საელჩოებში მომართვიანობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საელჩოების რესურსიც საკმაოდ შეზღუდულია, ზოგიერთ საელჩოში 4-5 დიპლომატი მუშაობს. გარდა ამისა, შეზღუდული ვართ ფინანსური რესურსის მხრივაც. მიუხედავად ამისა, 24-საათიან რეჟიმში საელჩოების პერსონალი გადასულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით იქ დარჩენილ მოქალაქეებს, იქნება ეს პროდუქტების მომარაგება ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, თუკი ამის საშუალებას საელჩოს რესურსი გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოების თანამშრომლებს, ისინიც არიან საფრთხის ქვეშ, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში. საელჩოებში 2-3-კაციანი მორიგეობა არის დაწესებული, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების კონსულტაცია. ყოველდღიურად, გარკვეულ საათებში ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და ონლაინ-რეჟიმში ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის რჩევებს აძლევენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.