დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ მოთავსებული, მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფი 62 წლის ქალი კორონავირუსით ქვეყანაში შემოსული ადამიანისგან დაინფიცირდა.
„ყველაფერი შესწავლის პროცესშია. ეპიდემიოლოგები ხანგრძლივად იმუშავებენ, კონტაქტები სია საკმაოდ დიდია. უნდა დაზუსტდეს, რამდენად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ამა თუ იმ ადამიანთან და საჭიროებენ თუ არა ისინი მეთვალყურეობას. რაც შეეხება ექიმებს, ჯერჯერობით მათი თვითიზოლაციის საჭიროება არ დგას. ეს არის შემოტანილიდან გადადებული, ანუ მეორეული ინფიცირება. ადამიანი, ვინც გახდა წყარო, საქართველოში იმყოფება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.