მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამ ვირუსს გადავურჩეთ, არის ის, რომ გავრცელება არ უნდა იყოს მასშტაბური ხასიათის, ანუ ერთად ბევრი ადამიანი ავად არ უნდა გავხდეთ კორონავირუსით, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოში გავრცელების ეს დინამიკა თუ გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუმკლავდება. გავრცელების დინამიკის შეჩერება არის სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა და ვალდებულება. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილი ზუსტად დგას კიდევ უფრო წინ, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულებითი ნაწილი. აქ ჩვენ ვართ უფრო მეტად პასუხისმგებელი იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენ ხანს შეიძლება ასეთ ვითარებაში ცხოვრება, მან განმარტა, რომ საჭიროა დროის მოგება. „მსოფლიო დღეს ძალიან აჩქარებულია და ძალიან წინ, ვიდრე იყო 1918 წლის პანდემიის დროს, 57-58 წლის პანდემიის დროს, თუნდაც 2009-10 წლის პანდემიის დროს. რა უპირატესობები გვაქვს მოცემულ სიტუაციაში: ჩვენ 2020-ში ვირუსი ძალიან სწრაფად ამოვიცანით. ვიცით რასთან გვაქვს საქმე, ვიცით როგორ კვდება, ვიცით რომ დაავადების ნაწილი მსუბუქად მიდის, მხოლოდ 15-%-ში არის რთული და 5-%-ში მძიმე ფორმები. ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს აზიაში განვითარებული მოვლენების. ვხედავთ, რომ კარანტინით, საყოველთაო მობილიზებით, თვითიზოლირებით და სწორი სამედიცინო მენეჯმენტით არის ერთეული შემთხვევები ქვეყნებში, სადაც მილიარდსამასიმილიონი ადამიანი ცხოვრობს. ერთადერთი პრობლემა არის ევროპა, სადაც ახლა მთავარი ცეცხლია. რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში, ჩვენ ახლა ძალიან ცოტა დაზიანებული ადამიანი გვყავს და საბედნიეროდ არც ერთი გარდაცვლილი, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა იმუნოლოგმა.