ასეთი დევალვაციის პირობებში ქვეყანა ინფლაციურ დარტმას მიიღებს

ასეთი დევალვაციის პირობებში ქვეყანა ინფლაციურ დარტმას მიიღებს

ეროვნული ვალუტის ბედი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ვითარება საერთოდ არ შეცვლილა, პირიქით მეორე დღეს ლარი ცოტათი კიდევ გაუფასურდა. პროგნოზიც დამაიმედებელი არ არის, უფრო სწორედ, რა იქნება, ახლო მომავალში, ამაზე რაიმეს თქმას ყველა ერიდება. ამ მოცემულობით სულ მალე ქვეყანა ინფლაციურ დარტმას მიიღებს.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოლოდინის მართვისკენაა მიდრეკილი.

„ეროვნული ბანკის ინტერვენციები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზადყოფნა, რომ გარკვეული ფორმით დაეხმაროს საქართველოს, იმისათვისაა საჭირო, რომ უარყოფითი მოლოდინი ვმართოთ. ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გამო. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი არის მოლოდინი, რომელიც შეიქმნა იგივე ნავთობის ფასის კლებით, ასევე ჩვენს რეგიონში არსებული ვალუტების გაუფასურებით. ლარი უკანასკნელი ორი თვის განამვლობაში მყარდებოდა კიდეც, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა, როდესაც ეპიდემიამ იფეთქა და ნავთობის ფასის ვარდნა დაიწყო“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია იმ ვითარებას მიმოიხილავს, რამაც ლარი ამ მასშტაბის გაუფასურებამდე მიიყვანა. ამ მომენტისთვის მსოფლიოში დიდი პრობლემაა დოლარის გამყარება, რაც თავისთავად ლარზეც მოქმედებს.

„მთელ მსოფლიოში მყარდება ამერიკული ვალუტა. ამის გამოა, რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, მიიღო გადაწყვეტილება ნულამდე დაეწია რეფინანსირების განაკვეთი. ეს ნიშნავს, რომ უფასო ფულს გასცემს. ბუნებრივია, ყველაფერი აისახება ლარზე, რადგან ის არ არის კონკურენტუნარიანი. ექსპორტის მაჩვენებელი დავიდა დაბალ ნიშნულზე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ამ ყველაფერმა განაპირობა ლარის გაუფასურება და მოლოდინიც არის ძალიან მძიმე.

კორონავირუსმა ამ მოცემულობის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ მისი გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული, რა იქნება და როდის დასრულდება ეს ვითარება, რომელიც დღითი დღე უარესდება“, - განაცხადა ჯგერენაიამ.

დღეს ლარის ქცევა არის კრიტიკულ სიტუაციაში. ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გაუფასურების საფუძველს არ იძლევა, მაგრამ მასზე შოკური მდგომარეობა ძალიან ცუდად მოქმედებს. შესაბამისად, რა იქნება ახლო მომავალში ამის პროგნოზირება ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელს ალექსანდრე ძნელაძესაც უჭირს.

„დღეს ლარის ქცევა არის კრიტიკულ სიტუაციაში, ანუ არ არის პროგნოზირებადი და აქედან გამომდინარე, არ არის ჯერჯერობით ის მომენტი, რომ შესაძლებელი იყოს პროგნოზის გაკეთება. როგორც იცით, საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს სებ-ს და დღეს რეფინანსირების განაკვეთი არის 9%. ეს ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს ლარი, თუმცა დევალვაცია სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დღეს საუბარი, რომ რამე ფუნდამენტურმა ფაქტორმა იმოქმედა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს არის შოკური მდგომარეობა, შოკურ მდგომარეობაში არის კონკრეტული ქცევა, რაც ზემოქმედებს ლარზე“, - განაცხადა ძნელაძემ.

ცენტრალური მარეგულირებლის მიერ სავალუტო აუციონზე 40 მლნ დოლარის გაყიდვას ძნელაძე ცალსახად დადებითად აფასებს. ეს ინტერვენცია იმის გამოხატულებაა, რომ მთავრობა და სებ-ი ცალსახად მზად არის ჩაერიოს პროცესში და უზრუნველყოს არა მხოლოდ კურსის ცვალებადობა, არამედ უზრუნველყოს სხვადასხვა მეთოდებით ეკონომიკის სტიმულირება.

ბოლო 2 კვირის სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 40 თეთრით გაუფასურდა.