„გარკვეული სოციალური დახმარება უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელფასისა და შემოსავლის გარეშე დარჩება“

„გარკვეული სოციალური დახმარება უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელფასისა და შემოსავლის გარეშე დარჩება“

ამერიკა მოელის, რომ 20%-ით შემცირდება სამუშაო ადგილები. ამიტომ მასობრივი ზარალის ასაცილებლად მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას აპირებს. მათ შორის, ამერიკის ეკონომიკაში ტრილიონი დოლარის ჩადება უკვე განისაზღვრა, ხოლო თითოეულ მოქალაქეს ყოველთვიურად 1000 დოლარს ჩაურიცხავენ.

თუკი ამერიკა საგანგებო ზომებს მიმართავს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკური რეცესია თავიდან აიცილოს? ამის შესახებ For.ge-ს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ესაუბრა.

უმრავლესობის წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ საქართველოსთვის კორონავირუსით გამოწვეული ზარალი 500 მილიონის ფარგლებში იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის, როგორ აისახება ეს საქართველოზე, რომელიც მიბმულია მსოფლიო ეკონომიკას? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად?

- არ ვიცი, ზუსტად ეს ზარალი რა დაუჯდება ქართულ ეკონომიკას, 500 მილიონი ლარი, თუ 500 მილიონი დოლარი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს იქნება საკმაოდ დიდი ზარალი ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ალბათ, უფრო აქტიურად მას შემდეგ ამუშავდება, რაც ქვეყანა ჯანმრთელობის პრობლემას გადალახავს, რასაც იწვევს ეს ვირუსი და ეპიდემია. ახლა მნიშვნელოვანია, ამ დაავადებას და მის გავრცელებას ვებრძოლოთ და ამის შემდეგ უკვე აუცილებელია მთავრობის გეგმა ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

რა მოელის ლარს, რომლის კატასტროფულ ვარდნასაც ყოველდღიურად ვუყურებთ?

- ამ ეტაპზე ეკონომიკურ პრობლემებს თან დაერთო ლარის კურსის გაუფასურება, რადგან სავალუტო შემოდინებების კუთხით პრობლემებია. ზოგადად, პრობლემებია ეკონომიკაში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც რუბლის, თურქული ლირის, მანათის გაუფასურება აშკარაა. ნავთობის ფასის დაცემამ განაპირობა რუბლისა და მანათის გაუფასურება. ამას თან დაერთო გაურკვევლობა, პანიკური ქცევა ბაზრის. მნიშვნელოვანია, რომ მცურავი გაცვლითი კურსი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. როდესაც კურსის ზრდის შემთხვევაში მცირდება იმპორტი, მცირდება ერთიანი მოთხოვნა და შემდეგ უკვე იწყებს კურსი დასტაბილურებას. ეს პროცესი უკვე დაიწყო და კიდევ გაგრძელდება, ანუ სანამ იმპორტი არ დაიწყებს შემცირებას, მანამ ლარი დაიწყებს თავისი წონასწორობის წერტილის ძებნას და ეს წერტილი რა იქნება- 3.18, 3.20 თუ 2.80, არავინ არ იცის ამ ეტაპზე.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარების შემოდინებას საქართველოში, რამდენად რეალისტურია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა ან გრანტის სახით, ან დაბალი პროცენტის სახით ჩვენზე იზრუნონ, როდესაც მსოფლიოს უჭირს?

- საკმაოდ რეალისტურია. მთელ მსოფლიოს აქვს პრობლემები, თუმცა სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ მზად არის ტრილიონი დოლარი გამოყოს. აშშ თავისთვისაც გამოყოფს ტრილიონს, მაგრამ შეეცდება, სხვა ქვეყნებსაც დაეხმაროს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, 2008 წელს, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო და ჩვენ ომი გადავიტანეთ, 4 მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარება მოიზიდა საქართველომ. ახლაც რა დანაკლისიც იქნება, იმის შესაბამისად უნდა ვეცადოთ, მოვიზიდოთ დახმარება. გარდა ამისა, უნდა დაკორექტირდეს ბიუჯეტი და ბიუჯეტის კორექტირების ხარჯზე გამოვეძებნოთ საშუალება იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დავეხმაროთ ბიზნესსექტორს, რომელსაც ძალიან რთული პრობლემები აქვს. ასევე, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან და ყოველდღიური შემოსავალი თუ არ ნახეს, მეორე დღეს შეიძლება საჭმელიც არ ჰქონდეთ. აქ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გამოყოფილ დახმარებაზე. სხვადასხვა საერთაშორისო ბანკები და ფონდები არსებობენ, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრაში დაეხმარონ ქვეყნებს. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, სხვა ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები, ამიტომ უნდა ვიმუშავოთ სავალუტო ფონდისგან დახმარების გამოყოფაზე.

ეროვნულმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ დაიწყო საუბარი ამ მიმართულებით. თუმცა უნდა განისაზღვროს, რა ოდენობის დახმარება გვჭირდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ამ დახმარების მიღება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიუჯეტის კორექტირებაზე დაიწყო საუბარი, აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დახმარების მოპოვება, მით უმეტეს, როცა ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს.

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონ დოლარი გაყიდა. ამით დაიძლევა ლარის კრიზისი?

- როდესაც მაკროეკონომიკური პრობლემებითა და ეკონომიკური მიზეზებითაა ლარის გაუფასურება გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში, რეზერვიდან დოლარის გაყიდვას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს პანიკის ჩასაქრობად. როგორც წესი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ აისახება ლარის კურსზე და ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს გაყიდი რეზერვიდან. ეს ალბათ უფრო პანიკის ჩასახშობადაა, რათა ეროვნულმა ბანკმა აჩვენოს, რომ ის მზად არის სიტუაციის გასაკონტროლებლად.

კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს აგვისტოს ომის ზარალს როცა ადარებთ, ეს ნიშნავს, რომ 2008 წელზე უფრო რთულ პერიოდს ელით საქართველოში?

- აგვისტოს ომთან შედარება რთულია, იმ დროს სხვა გამოწვევა იყო, ახლა სხვა გამოწვევაა. მთავარია, ფინანსების კუთხით პრობლემა არ არსებობს მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც ეპიდემიას მოვერევით, უნდა ჩაისხას ფინანსები სხვადასხვა მიმართულებაში და ჩვენ განვსაზღვროთ პრიორიტეტული მიმართულებები, თუ სად გვჭირდება კონკრეტულად საერთაშორისო დახმარება. ეს ზუსტად უნდა დავადგინოთ და, განსაკუთრებით იმ სექტორებს დავეხმაროთ, რომელთაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ და, რომლებიც სწრაფად შეძლებენ რეაბილიტაციას ამ შოკის შემდეგ.

ახლა მაინც ხომ არ უნდა მოხდა იმ მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებსაც საქართველოში სამი თვით უხელფასო შვებულებაში უშვებენ და, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ? მათ არ უნდა დაეხმაროს მთავრობა, თუ ეს ფუფუნებაა ჩვენი ხელისუფლებისთვის?

- არ ვიცი, რამდენად აქვს ამის საშუალება ჩვენს ქვეყანას, დაეხმაროს ყველას, ვისაც დასჭირდება დახმარება. ეს ძალიან დიდ თანხებს მოითხოვს. თუმცა გარკვეული სოციალური დახმარება უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელფასისა და შემოსავლის გარეშე დარჩება. ხელისუფლებამ უკვე უნდა დაიწყოს ამ ადამიანების აღრიცხვა და ფიქრი იმაზე, კონკრეტულად როგორ დაეხმარება იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა და, ასევე, იმ ბიზნესებს, ვინც ამ ეტაპზე დახურულია.

და ბოლოს, რეკომენდაცები უამრავია, მათ შორის, ხელისუფლებისთვის ქამრების შემოჭერა, სოფლის მეურნეობაში თანხების ჩადება. თუმცა ხელისუფლება აპირებს ინფრასტრუქტურის პროექტებს მიხედოს. თქვენ რას ურჩევდით, რა უნდა იყოს პრიორიტეტული ჩვენისთანა ქვეყნისთვის?

- ჯერჯერობით, სანამ ეპიდემიას არ მოვერევით, კონკრეტული დარგების მიხედვით ფულის დახარჯვა არ ღირს. ამის შემდეგ უკვე უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტული მიმართულებები. ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის და ტურიზმის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგის, გადაფასებაც ალბათ, მოხდება იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ახლავს ამ ბიზნესს. სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. ეს იქნება მთავარი წარმატება სოფლის მეურნეობისთვის და არა მხოლოდ უბრალოდ ფულის „ჩასხმა“ ამ დარგში. ფულის ჩასხმა ჩვენ ვნახეთ წლების განმავლობაში, რომელმაც არანაირი რეალური შედეგი არ მოიტანა. ახლა კამათისა და კრიტიკის დრო არ არის, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ვირუსი და შემდეგ შეიძლება, მივაწოდოთ რჩევები, ან გავაკრიტიკოთ კიდეც მთავრობა, თუ მისი გადაწყვეტილებები იმის შესაბამისი არ იქნება, რა გამოწვევებიცაა ქვეყნის წინაშე.