თანამედროვე მსოფლიო მოიცვა ახალი COVID-19-ის გლობალური გავრცელებით გამოწვეულმა საფრთხეებმა, რამაც დრის წესრიგში თვისებრივად ახალი პრობლემები დააყენა. მათ შორის მნიშვნელოვანია, თუ შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა გავუძღვეთ ეკონომიკას და რა ცვლილებებს საჭიროებს ის მომავალი რისკების შესამცირებლად.
ჩამოყალიბებული ტრადიციის თანხმად, ეკონომისტები, როგორც წესი, იკვლევდნენ ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენას ზოგადად ჯანდაცვის სიტემაზე, მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელებაზე.
დღეს უკვე პირიქით დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი, რომ კორონავირუსი პრაქტიკულად „ეკონომიკურ პანდემიად“ გარდაიქმნება. (https://edition.cnn.com/2020/02/24/business/coronavirus-global-economy/index.html)
კორონავირუსის გავრცელების ეკონომიკაზე ზეგავლენის პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით, მისასალმებელია შრილანკელ პროფესორ აჯით დე ალვისის მიერ ახალი ტერმინის „კორონომიკსი“ („Coronomics“) შექმნა, რომელიც მიიღება ორი ტერმინის „კორონა“ და „ეკონომიკსის“ გაერთიანებით და შეისწავლის კორონავირუსის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს (http://www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%93-Plan-your-eggs-and-the-basket-/4-695109)
მოგვიანებით გამოჩნდა სხვა მსგავსი ტერმინიც - „კორონანომიკა“ („Coronanomics“) (https://www.project-syndicate.org/commentary/limits-macroeconomic-tools-coronavirus-pandemic-by-barry-eichengreen-2020-03?utm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm_campaign=cba7e1c6a1-sunday_newsletter_15_03_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-cba7e1c6a1-93567601&mc_cid=cba7e1c6a1&mc_eid=e9fb6cbcc0)
კორონომიკის აქტუალურობა არამარტო იმითაა განპირობებული, რომ დღეს სახეზეა კორონავირუსის პანდემია, არამედ იმითაც, რომ მსგავსი ტიპის გლობალური საფრთხეები არც მომავალშია გამორიცხული და ამის გათვალისწინება აუცლებელია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მომავალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.
აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვდგავართ არა კლასიკური ტიპის, არამედ თვისებრივად ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე, როცა მისი გამომწვევი მიზეზები არა ენდოგენური, არამედ ეკზოგენური ხასიათისაა, ანუ, როცა ეს მიზეზები გენერირებულია არა ეკონომიკაში, არამედ პროვოცირებულია ეკონომიკის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროს - კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად. ამ ფაქტორის გათვალისწინებით როგორც ცალკეული ქვეყნები ისე მთელი მსოფლიოც დგას კლასიკური ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავებული, ახალი ტერმინით - „კორონომიკური კრიზისის“ საფრთხის წინაშე.
ეკონომისტებისთვის ჯერჯერობით ეკონომიკური კრიზისის ჩამოყალიბებისთვის ეკონომიკური ვარდნა უნდა დაფიქსირდეს ზედიზედ, სულ ცოტა, ორი კვარტლის განმავლობაში. ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ პანდემია რამდენ ხანს გასტანს. სხვა სიტყვებით, დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია.
ეკონომიკურმა სირთულეებმა ჩინეთსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უკვე ჰპოვა ასახვა. როცა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნაში - ჩინეთში დაიხურა არაერთი კომპანია, როცა მსგავსი სირთულეების წინაშე დადგნენ ევროკავშირის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები, აშკარაა, რომ მსოფლიო კორონომიკური კრიზისის საფთხის წინაშე დადგა.
რეალურად ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც ყველაზე აქტიურად განიხილება დღეს, ძირითადად, უკავშირდება 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კრიზისის წყარო უშუალოდ ეკონომიკაში იყო, მაშინ, როცა კორონომიკური კრიზისი, თუკი ის სრულფასოვნად მაინც ჩამოყალიბდა, უშუალოდაა დაკავშირებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მედიცინა კორონავისრუსის დამარცხებაში.
ფაქტია, რომ კორონავირუსმა დააზარალა ტურისტული სექტორი, ზიანი მიაყენა სამგზავრო ავიაგადაზიდვებს, საფონდო ბაზრებებზე დაფიქსირებული ვარდნა კი ეკონომიკის რეალურ სექტორზე უშუალოდ აისახა. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკონომისტების ხელთაა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა საგადასახადო შეღავათების დაწესება, ან საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთების შემცირება, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ლიკვიდურობის უზრუნველყოფით ღონისძიებების გატარება, მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილის სოციალური დაცვის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებების გარდა აშკარად პრიორიტეტულია მთავრობის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა. ის თუ რამდენად საკმარისი იქნება ამ ღონისძიებების გატარება კორონომიკური კრიზისის პირობებში, ეს დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მედიცინას კორონავირუსისგან სამკურნალო პრეპარატის, ასევე შესაბამისი ვაქცინის, შექმნას, დამზადებასა და გავრცელებას.
საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას და დიდი ალბათობით ეს იქნება პანდემიით მოცული ყველა ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტკრიზისული პრობლემა. მაშასადამე, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ის ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია კორონომიკური კრიზისის და პოსტკრიზისულ პერიოდებში.
ის, რომ ეკონომიკა თითქმის გაჩერდა ჩინეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, აუცილებლად აისახება არა მარტო მოთხოვნის შემცირებაზე, არამედ კიდევ უფრო მეტად მიწოდების შემცირებაზე.
მოთხოვნის შემცირებასთან შედარებით მიწოდების უფრო მეტად შემცირება უშუალოდ აისახება ინფლაციის ზრდაზე. მისი მოთოკვა ცენტრალური ბანკების ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მხოლოდ იმ შემთხვავაში გახდება შესაძლებელი, თუ გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები. ის კი თავის მხრივ ისევ და ისევ უარყოფითად აისახება მიწოდებაზე და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ ზრდაზე.
კორონავირუსის გავრცელებამ გარკვეული ბიძგი მისცა იმ იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავისუფალ ვაჭრობას, თუმცა აშკარაა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციას, ეკონომიკურად უფრო მეტად დაზარალდებიან სწორედ პანდემიის პირობებში (https://www.project-syndicate.org/commentary/coronavirus-global-recession-prospects-by-jeffrey-frankel-2020-02?utm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm_campaign=11fa1362d7-sunday_newsletter_01_03_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-11fa1362d7-93567601&mc_cid=11fa1362d7&mc_eid=e9fb6cbcc0)
იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია გლობალური ფენომენია და კორონომიკური კრიზისი მთელი მსოფლიოს საფრთხეა, იზოლაციონიზმი და დეგლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკისთვის აშკარად დამღუპველი გზაა. პირიქით, პოსტკრიზისულ პერიოდში, აუცილებელია მოხდეს ღირებულებათა ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რამაც უნდა უზრუნველყოს შესაძლო რისკების შემცირება (https://www.project-syndicate.org/commentary/global-cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03?utm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm_campaign=cba7e1c6a1-sunday_newsletter_15_03_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-cba7e1c6a1-93567601&mc_cid=cba7e1c6a1&mc_eid=e9fb6cbcc0)
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩინეთში თავმოყრილი მსხვილი კომპანიების დეკონცეტრაცია, რაც მომავალში ხელს შეუწყობს იმ რისკების შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ საფრთხეებთან.
კორონომიკამ დაგვანახა, რომ მსხვილი კომპანიებისათვის შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი გახდეს ჩინეთიდან თავიანთი ქარხნების გატანა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩინეთთან უკვე აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
ევროკავშირთან მიმართებაში, ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები (მაგალითად, ისლანდია, საქართველო, შვეიცარია, და სხვ.), რომელთაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვთ ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. თუმცა, განსაკუთებულ ყურადღებას იმსახურებს პოსტსაბჭოთა საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად ევროკავშირსა და ჩინეთს შორისაა და ის მდებარეობს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. აქვე გასათვალისწინებელია აშშ-ის დაინტერესებაც ჰქონდეს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველოს გამოყენება რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად პოსტკრიზისული განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს.