ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი დაიხურა. მუშაობას აგრძელებს მხოლოდ რამდენიმე სასიცოცხლო მიმართულების დარგი. მთავრობა აგრძელებს ხისტი აკრძალვების პოლიტიკას, ხალხი კი თანდათან გამოდის პირველადი შოკის მდგომარეობიდან და უკვე პროტესტის ფორმას მიმართავს. ადამიანებს შიმშილის შიში უფრო ზაფრავთ, ვიდრე კორონავირუსის.
სამარშრუტო ტაქსების აკრძალვა უკვე გააპროტესტეს გურჯაანში. კახეთის რეგიონში მომუშავე მძღოლების ნაწილი ავტოსადგურში შეიკრიბა და შეღავათების დაწესება მოითხოვა. მათი თქმით, თუ მუშაობას ვერ შეძლებენ, დაკარგავენ შემოსავლის წყაროს, ვერ შეიძენენ პროდუქტს და კომუნალურ გადასახადებს ვერ დაფარავენ, რის გამოც დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.
მძღოლი ნუგზარ ყარაულაშვილი ამბობს, რომ მდგომარეობა თანდათან მძიმდება. როგორც დანარჩენ მოქალაქეებს სჭირდება საკვების მომარაგება, ასევე მასაც, თუმცა სახლემწიფომ ამ შემთხვევაში ის ერთადერთი შემოსავლის წყაროც შეუზღუდა.
„რა ვქნა და რითი უნდა ვიყიდო საჭმელი, ნამდვილად არ ვიცი. ეს ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ხალხი საკვებს იმარაგებს და მე შემოსავალიც არ მაქვს, რომ ასე მოვიქცე და საკუთარი ოჯახი გამოვკვებო. უნდა მოგვხედონ აუცილებლად და მოიფიქრონ სასწრაფოდ რამე“, - განაცხადა ნუგზარ ყარაულაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მძღოლების მოთხოვნებს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს გააცნობს და საკითხის მოგვარებაზე იმსჯელებენ.
მთავრობა კი სატრანსპორტო დარგის სრულ შეზღუდვასა და აკრძალვაზე ფიქრობს. პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ჯერ მსგავსი გადაწვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ არც იმას უარყოფს, რომ ამ კუთხით სერიოზულად ფიქრობენ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.
„ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენ გაცემული გვაქვს რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან, რომ ყველა დარჩეს სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდეს. ის რეკომენდაციები, რომელიც იქნა გაცემული საჯარო სექტორზე, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ყველა იმ თანამშრომლის რაოდენობა, რომელიც უნდა გამოცხადდეს სამსახურში და ასევე ის რეკომენდაცია, რომელიც აქვს კერძო ბიზნესს, ესეც ხელს შეუწყობს ამ ყველაფერს.
სრულ შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
არსებულ ვითარებაში სხვაგვარ გამოსავალზე საბურობენ სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები. ექსპერტი გელა კვაშილავა ამბობს, რომ საქალაქთა შორის ტრანსპორტის მძღოლებს აუცილებლად სჭირდებათ გვერდში დგომა და ფინანსური მხარდაჭერა, ისე როგორც ეს თბილისში მოხდა.
„დღეს ჯანდაცვის პრობლემაა, თუმცა ხვალ და ზეგ ეკონომიკის პრობლემა იქნება. უნდა შეხვდეს სამინისტრო ამ ადამიანებს და ერთად მოიფიქრონ პრობლემის მოგვარების გზები რა და როგორ იქნება. რთული მდგომარეობაა, მესმის ამ ადამიანების. დაუშვებელია ფინანსური დახმარება ასეთ დროს არ აღმოუჩინონ. მინიმალური მხარდაჭერა მაინც არის საჭირო. უნდა დაუკომპენსირონ ის დრო, როდესაც უმუშევრად არიან ან კომპანიებმა, თუ არადა სახელმწიფომ“, - განაცხადა კვაშილავამ.