დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა ძალიან ბევრ რეკომენდაციას. მთავარი რეკომენდაცია დღეს არის სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა. მე არ ვიცი ეს რომანოვების კლასტერია, თუ ბრიტანეთის დედოფლის. პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, - ეს განცხადება მედიასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ის დეტალურ ინფორმაციას ფლობს ამ კლასტერებზე და ყველა შემთხვევა საგულდაგულოდ იქნება გამოკვლეული.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტი ერთობლივად. „ეს არ არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეროგატივა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დინამიკაზეც ილაპარაკა. „ ქვეყანაში ვირუსის მატება მსუბუქია. ორი დღის წინ შესრულდა სამი კვირა, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში. ამ სამი კვირის განმავლობაში გამიხარდა ის, რომ ჩვენი პროგნოზი, რომელიც მოდელირებით გავაკეთეთ ვირუსის გავრცელების დინამიკას ზუსტად დაემთხვა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.