ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგაში კორონავირუსის პანდემიის გამო 4 აპრილამდე გამოცხადებული პაუზა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსით რამდენიმე ფეხბურთელი, მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი დაინფიცირდა.
ასოციაციაში არსებული რეგლამენტის მიხედვით, ფეხბურთის სამშობლოში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირი 1 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა თარიღმა გადაიწიოს. სახელდება კიდევ ერთი ვარიანტიც - თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, მაშინ წლევანდელ პრემიერლიგას აღარ დაამთავრებენ და ჩემპიონად პირველ ადგილზე მყოფი "ლივერპული" გამოცხადდება, რომელიც უახლოეს მდევარს 25 ქულით უსწრებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.