ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება – თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება – თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა. საქართველო ვირუსის გავრცელების იმ ფაზაში გადადის, რომელიც მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. არსებული შეზღუდვების მიუხედავად, გვაქვს ისეთი ფაქტებიც, როდესაც ადამიანები ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან, რაც ქვეყენაში კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის. მთავრობის მთავარი რეკომენდაციაა – დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. როგორც პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას.

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვერსიის დონეზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ დამატებითი ზომების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მმართველ გუნდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

„საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენ ამ მომენტისთვის ეფექტურად ვუმკლავდებით ვირუსის გავრცელების შეკავებას. საზოგადოების და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ვინაიდან შეიძლება 2–3 მოქალაქის მხრიდან სარისკო ან უპასუხისმგებლო ქცევამ ექიმების და ჯანდაცვის სამსახურების ძალისხმევას შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება და რაც შესაძლებელია მოხდეს, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, რამდენად არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება, ეს მთავრობამ უნდა შეაფასოს.

„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა, ყველაზე კარგად ამის აუცილებლობას უნდა მიხვდეს მთავრობა, რომელიც ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ და ჩვენი თითოეული მოქალაქე. თუმცა, ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა. საგანგებო მდგომარეობას მოჰყვება სხვა სირთულეები, მათ შორის, ეკონომიკის გაჩერების სახით, ამიტომ როდის უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს უნდა შეაფასოს მთავრობამ და მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ რა დახმარების პაკეტს შესთავაზებს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს.

საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და ხელები დამიბანია, ასე არ არის. ადამიანი, რომელიც ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს – 60 000 ტაქსია საქართველოშო და აქედან 30 000 თბილისში და, როცა ის სახლში დარჩება, უნდა იცოდეს, რომ შუქი არ გამოერთვება და წყალს არ გაუთიშავენ. საგანგებო მდგომარეობას უნდა ახლდეს მომზადებული ფინანსური, ეკონომიკური და საორგანიზაციო პაკეტი. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებს იმ ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს, რომლებსაც განსაკუთრებული მდგომარეობა უკვე გამოცხადებული აქვთ.

„მინდა, დეპუტატების ნაწილი და საზოგადოება დავარწმუნო, როგორც კი ამის აუცილებლობა იქნება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით, გაცილებით წინ უსწრებს იმ ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს, რომლებსაც ეს განსაკუთრებული მდგომარეობა უკვე გამოცხადებული აქვთ. როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური და სხვა მიმართულებების მაღალი დონის ექსპერტები ყოველდღიურ ანალიზს აკეთებენ და ზუსტად ისე მოქმედებენ, როგორც ვითარება მოითხოვს. ასე, რომ ეს თემა უყურადღებოდ არ არის. თუ ამის საჭიროება იქნება, ხელისუფლება არ დააყოვნებს სათანადო ზომების მიღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, ამით პირველ რიგში, ჩაცხრება პანიკა. მისი თქმით, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ვფიქრობ, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი პრობლემა არის პანიკა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, ჩავაცხრობთ პანიკას. მეორე რიგში, გამოვავლენთ პრობლემებს და სახელმწიფოს ექნება ლეგალური შესაძლებლობა, რომ მართოს პროცესი როგორც ვირუსის აღმოფხვრის, ისე პანიკის თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს არ უჭერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომლის განცხადებით, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, საინტერესოა ჩაიხედა თუ არა კანონში. რადგან, მისი თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს.

„ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონში თუ ჩახედა ნეტავ? რამდენიმე იურისტი ვუტრიალებთ ეს დღეებია – თავი და ბოლო ვერ გავუგეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა – თავისუფლების უფლება; გადაადგილების თავისუფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები; საკუთრების უფლება; შეკრების თავისუფლება; შრომითი უფლებები.

საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას. საგანგებო მდგომარეობა, არ არის სახუმარო საქმე. ამ დროს კონსტიტუციის ნაწილი, ანუ ჩვენი გარანტიების ნაწილი, არ მოქმედებს და ამას თუ ბუნდოვანი კანონმდებლობაც ემატება, კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება თანასწორობასა და თავისუფლებას. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა უზენაესი კანონის მიღმა იმოქმედოს“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.