მთავრობამ პროდუქტებზე ფასების „დაჭერა“ დაიწყო

მთავრობამ პროდუქტებზე ფასების „დაჭერა“ დაიწყო

მთავრობა ცდილობს ქვეყნის პროდუქტების მომარაგების საკითხი და ფასები ხელიდან არ გაექცეს. დასახელდა კიდეც 7 ძირითადი სურსათის ნაირსახეობა, რომელიც არ უნდა გაძვირდეს და მოსახლეობისთის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყველა სამთავრობო უწყება მაქსიმალურადაა მობილიზებული, მაგრამ რამდენად შეძლებენ სიტუაციის ბოლომდე გაკონტროლებას, ეს სხვა საკითხია.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ცვალებადობა იყოს პროდუქტების ფასებზე.

ქვეყანაში არსებობს საკმარისზე მეტი მარაგი, იგი ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ შეიძლება საზღვარზე გამოიწვიოს შეზღუდვები, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ყველაფერი მაქსიმუმ ორ დღეში დაიძლევა და მნიშვნელოვანი შეფერხება მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ გვაქვს კომუნუკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ სუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ მთლიანი ბიზნესპროცესის კოორდინირებას და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით. დამატებით, პრემიერის მხრიდან გაცემულია დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე შენარჩუნდეს ფასები. სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ცვალებადობა იყოს ამ პროდუქტებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.

პრემიერი სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილოა. გახარია მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა. ასეთი სუბიექტები ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება მიიღონ. სწორედ ამიტო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება.

„ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც, ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინიციატივებს წარადგენს. იზრდება მათი რაოდენობა, რომლითაც მოგვმართავენ როგორც აქ, ადმინისტრაციაში, ასევე მერიაში და კონკრეტულ სამინისტროებში. შესაბამისად, ამ მიზნით იქმნება პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით დავძლიოთ გამოწვევა და კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ პროდუქტის მარაგი საკმარისია. პროდუქტით დატვირთული 1000 მანქანა დგას ლარსზე და ასევე გემი ფოთში, რომელიც კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე ჩამოიცლება.

მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს მონიტორინგი და მუშაობა მუდმივ რეჟიმში, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების და ზოგადად, სამომხმარებლო კალათის მთავარი პროდუქტების პრობლემა არ შეიქმნას.

„ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვახორციელებთ სრულ მონიტორინგს. იმის გამო, რომ მოწოდების მიუხედავად, პანიკური მოთხოვნაა და უკონტროლო შესყიდვები ხორციელდება, ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო შეფერხება. ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო, რომ შეკვეთები არის გზაში. ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტის ჩამოტვირთვა რთულდება მეტეოროლოგიური პირობების გამო და ასევე, ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი. ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანაა გაჩერებული ზვავსაშიშროების გამო.

პანიკურად პროდუქტის შეძენის გამო ხდება პროდუქტებზე ფასის მატება. ჩვენ ველოდებით, რომ 2-3 დღეში კლიმატური სიტუაცია გაუმჯობედება, გაიწმინდება გზები და პროდუქტი შემოვა ქვეყანაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რაც ბევრ სხვა ქვეყანას არ გადაუდგამს.