„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობას და ოპოზიციას შორის, რომელსაც ჩვენ გასულ კვირაში უმაღლესი შეფასება მივეცით, წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას საქართველოსთვის დემოკრატიული კონსოლიდაციის თვალსაზრისით“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი). განცხადება 2020 წლის 11-12 მარტს თბილისში კორლატეანის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.
თანამომხსენებლები მიესალმებიან კონსტრუქციულ სულისკვეთებას, რომლითაც მიღწეული იყო შეთანხმება და იმედს გამოთქვამენ, რომ თანამონაწილეობის და თანამშრომლობის ეს ახალი სულისკვეთება არჩევნების ორგანიზების და ჩატარების პროცესშიც გაგრძელდება.
„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ გასულ კვირაში, ამ შეთანხმებას შეუძლია წვლილის შეტანა პოლიტიკურ გარემოში მუდმივი დაძაბულობის და პოლარიზაციის განმუხტვაში, რომლებიც აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ამ მუხტის შენარჩუნებისკენ და იმავე პოლიტიკური ნების და სიმწიფის გამოჩენისკენ, რათა შეთანხმება შედგეს სხვა საკითხებზეც, რომლებიც მათ შორის უთანხმოებას იწვევს“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
ამ კონტექსტში მათ აღნიშნეს, რომ დაპირების შესრულება საარჩევნო პროცესის და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფრო რთული და საფრთხილო საქმე აღმოჩნდა, მიუხედავად მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნებისა. შესაბამისად, თანამომხსენებლები ყველა პარტნიორს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაართულოს ან ეჭვის ქვეშ დააყენოს ამ დაპირების შესრულება.
განცხადებაში ასევე ხაზია გასმული ქალი კანდიდატების სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე და დადებითად არის შეფასებული მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. მიღწეული პროგრესის აღიარების გარდა, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, კიდევ უფრო შეამცირონ წინასწარი პატიმრობის გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ასაზრდოებს ბრალდებებს მის პოლიტიკურად მოტივირებული მიზნების მისაღწევად გამოყენებასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი სულისკვეთების დამკვიდრების მხრივ, რაც წვლილს შეიტანს ხსენებული რეფორმების განხორციელებაში და ახალ ბიძგს მისცემს საქართველოში დემოკრატიულ კონსოლიდაციას.როგორც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მეგობრები, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერსებულ მხარეს“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.