რას ითვალისწინებს 3-თვიანი შეღავათი, რომელიც ბანკებმა კლიენტებს შესთავაზეს?

რას ითვალისწინებს 3-თვიანი შეღავათი, რომელიც ბანკებმა კლიენტებს შესთავაზეს?

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღეს და თავიანთ კლიენტებს 3 თვით სესხების მომსახურება გადაუვადეს. ზოგ შემთხვევაში ეს ფიზიკურ პირებს ეხებათ, ზოგიერთ შემთხვევაში იურიდიულ პირებსაც. კონკრეტული დეტალები თუ როგორ დაწესდება და იმოქმედებს საშეღავათო პერიორდი, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ გაირკვა ის, რომ ამ 3 თვის განმავლობაში გაცემულ სესხებზე პროცენტი მაინც დაირიცხება, რომელიც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ გადაუნაწილდებათ კლიენტებს.

საბანკო სექტორიდან პირველი „საქართველოს ბანკი“ იყო, რომელმაც ფიზიკური პირებისათვის სესხები სამი თვით გადაავადა:

„საქართველოს ბანკი“ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი“, - აღნიშნულია ბანკის ინფორმაციაში.

შემდეგ განცხადება გაავრცელა მეორე ყველაზე დიდმა „თიბისი ბანკმაც“. შეთავაზება უფრო მეტად მრავლისმომცველია და ეხება არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესსაც. ძირითადი აქცენტი კი ტურიზმის ინდუსტრიაზეა.

„თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს. მათი ცნობით, ბანკი ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შესთავაზებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს.

ამასთან, როგორც ბანკში აცხადებენ, „თიბისი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.

მალევე ინიციატიავას „ლიბერთი ბანკიც“ შეუერთდა, რომელმაც სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვისაც დააწესა შეღავათები, გარდა ტურიზმის სფეროსა და ფიზიკური პირებისა.

„დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არც ერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხა.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, „ლიბერთი“ ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვითიბი ბანკმაც“ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში.

დღის ბოლოს საშეღავათო მარათონში „ბაზისბანკი“ ჩაერთო და მანაც ფიზიკურ პირებს სესხზე 3-თვიანი პერიოდი შესთავაზა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბაზისბანკმა“ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ „ბაზისბანკის“ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით, შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.

დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე“, - აღნიშნულია „ბაზისბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „რეზონანსთან“ იმ რისკებს და დადებით მომენტებს უსვამს ხაზს, რასაც სამი თვის საშეღავათო პერიოდი მოიტანს.

„რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ბანკების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა. მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე. ამის ეფექტი არის ის, რომ ადამიანებს, ამ რთულ პერიოდში გადასახდელი არ ექნებათ. მათ შეუძლიათ გადაიხადონ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა გაუჩნდებათ და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს შეამსუბუქებს ლარზე ზეწოლას. როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირები, რომლებიც დოლარში სესხს იხდიან, ყიდულობენ კრედიტის მომსახურებისთვის ვალუტას, ესეც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება სამი თვის კრიზისულ პერიოდში.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამი თვის შედეგ შეღავათი აღარ გახდება საჭირო, რადგან ამას დაერთო საგადასახადო შეღავათებიც. შესაძლებლობის ფარგლებშია. როცა სამი დიდი ბანკი, რომელსაც ბაზრის 90% უჭირავს, იღებს ამ გადაწყვეტილებას, პატარა ბანკებსაც მოუწევთ ამ პოზიციაში ჩადგომა და მომავალი კვირიდან, ალბათ, მათგანაც უნდა ველოდეთ მსგავს გადაწყვეტილებებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ კეპულაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ტურისტულ სექტორზე გაცემული სასესხო პორტფელის მოცულობა 1 449 171 000 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 4.6%-ია.

ბევრად დიდია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა და ის მთლიანი სესხების 51%-ს, ანუ 15,885,242,000 ლარს შეადგენს. მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაცემული სესხების მოცულობა თებერვლის მდგომარეობით 1 975 156 000 ლარია.

ამ დროისთვის უცნობია, ამ კატეგორიის მსესხებელთა რა ნაწილი ისარგებლებს გადავადებით.

Maverick ხალხის გასაჭირს ვინ უშველის?
ქუთაისიდან ახლობელი დამიკავშირდა, მთხოვა თბს ბანკის კრედიტთან დაკავშირებით დახმარება, ბიზნესი გაუჩერდა კორონა ვირუსთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა დავეხმარები...
გამახსენდა და ვეკითხები, თბს ბამნკმა ხომ გადაავადა კრედიტორების დავალიანებათქო?!
პასუხი: კი გადაავადა, მაგრამ გადავადებულ თითოეულ თვეზე პროცენტები დააწესაო!
ვეკითხები, კი მაგრამ ყაჩაღი ბანკირი ხაზარაძე როგორც ვიცი გაუშვეს და მოაბრუნეს მეთქი?!
ეტყობა დარჩა, მობრუნება ამ გასაჭირში ჩვენ გვჭირდებაო...
4 წლის უკან