სასტუმროს ბიზნესი მთავრობას სექტორისთვის შეღავათების ამოქმედებას სთხოვს. 10-ზე მეტი ობიექტი უკვე დაიხურა, ხოლო დანარჩენებს ფორსმაჟორულ ვითარებაში უწევთ მუშაობის გაგრძელება. ტურისტულ სეგმენტში ვითარება იმდენად მძიმეა, რომ მთავრობა ბანკებთან ერთად სასწრაფოდ ეძებს გამოსავალს.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ურთულესი ვითარებაა იმ სასტუმროებში, რომლებიც იჯარას იხდიან და კარგი იქნება, თუ მათთვის საბანკო ვალდებულებები ორი თვით გადავადდება.
„ბოლო ერთი წელია ტურიზმის სექტორი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. უწყლოდ დარჩენილი ზამთრის კურორტების შემდეგ, როდესაც ტურისტებმა ჯავშნების 90% გააუქმეს, სექტორი ახალი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების წინაშე დადგა. სასტუმროების უმეტესობას რამდენიმე თვის ჯავშნები გაუუქმნდათ, ნაწილმა კი რამდენიმე კვირით მუშაობა შეაჩერა“, - განაცხადა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ უკვე 10 სასტუმრო დაიხურა და ასამდე მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ზოგიერთი კი განახევრებული პერსონალით აგრძელებს მუშაობას.
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „კალასი“ ორი კვირით მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება. სამუშაო პროცესის შეჩერების მთავარ მიზეზად „კალასის“ შესყიდვების მენეჯერი ტატა სარჯველაძე გაუქმებულ ჯავშნებს ასახელებს.
სასტუმრო „მუზეუმის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე გულორდავა, კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემებს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მათი სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ჯავშნების დიდი ნაწილი გაგვიუქმდა, მაგრამ სასტუმრო არ დახურულა, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. ვითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელსაც გასცემენ შესაბამისი ორგანოები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ არსებულ სიტუაციაში, სასტუმროში ვატარებთ დეზინფექციას. სამომავლოდ რა როგორ იქნება, პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ გულორდავამ.
კორონავირუსის გავრცელების გამო კრიზისულ მდგომარეობაში არა მარტო სასტუმროები, არამედ ტურისტული კომპანიებიც აღმოჩნდნენ. გამყვანი ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერებულია, არსებული ჯავშნების 90% კი, გაუქმდა.
„არსებული ჯავშნები გაუქმდა და ბოლო 5 დღის განმავლობაში ახალიც აღარაფერი შემოდის. ყოველთვიური ხარჯებია გასაწევი ოფისის, თანამშრომლების, შესაბამისად, ეს ყველაფერზე უარყოფითად მოქმედებს. მოგვიწია თანამშრომელთა ხელფასების გადახედვა, ზოგიერთი დავითხოვეთ კიდეც. იგივე ხდება სხვა ტურისტულ კომპანიებშიც. ყველას მოუწია ხელფასების გადახედვა ან თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება“, - განაცხადა „ტრაფიკ თრეველის“ ხელმძღვანელმა ცოტნე ჯაფარიძემ.
ჯავშნების გაუქმებასა და თანამშრომელთა ხელფასების გადახედვაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელიც.
„ჯავშნებიც გაუქმდა და ბევრმაც ოფისში მუშაობა შეაჩერა, რადგან დიდ ოფისებში, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, ვირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს. ნაკლები ტურისტის შემოსვლა აისახა იმაზე, რომ ტურისტულები ხელფასებსაც ვერ გასცემენ და ამის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ თანამშრომლებს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მთავრობაში ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელები უკვე მსჯელობენ ქვეყანაში გაჩენილ ახალ თავსატეხზე. პრემიერი და მინისტრები უკვე შეხვდნენ საბანკო სექტორს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, შეხვედრას ჰქონდა ორი მიზანი:
„ერთია ის, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც იქნება ეფექტური და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ. მეორე ამოცანაა ის, რომ ერთმანეთს გავაცნოთ ხედვა, პერსპექტივები, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვედრა გაიმართა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთანაც.
„შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა მიიტანა ტურიზმის ინდუსტრიაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა.