პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შარშან წლის ბოლო გამოსწორდა და უმნიშვნელო ზრდაც დაფიქსირდა. ამ საქმეში მეოთხე კვარტალის შედეგებმა აშკარად დადებითი როლი ითამაშა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-4 კვარტალში 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-4 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფოა - 36.1 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი - 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 13.9 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2019 წლის მე-4 კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი - უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლ აშშ დოლარით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
მთავრობა, პოზიტიურად აფასებს 2019 წელს უცხოური ინვესტიციების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020-ში არ იარსებებს ობიექტური ფაქტორი, რაც ტენდენციას შეცვლის.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება. შარშანდელი მეოთხე კვარტალი პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია.
„ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა. რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას აჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია“, - აღნიშნა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ წელს რამე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკი არ შეგვიშლის ხელს, დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და განმტკიცდება.
დადებითად აფასებენ შექსნილ ვითარებას ანალიტიკოსებიც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ასეთი ზრდა გასაკვირია მაშინ, როცა 2019 წელი პოლიტიკურად ძალიან არასატბილური იყო და პრაქტიკულად ნახევარი წელი აქციებში ვიცხოვრეთ.
„ზოგადად, ნებისმიერი ინვესტორი, საინვესტიციო გარემოს უყურებს, როგორც მის ბუნებრივ ჰაბიტატს, სადაც მან უნდა იარსებოს და ფული სარფიანად დააბანდოს, მაგრამ როცა ხედავს არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და გაურკვეველ პერსპექტივებს, ის თავის ფულს აღარ დახარჯავს, მინიმუმ დალოდება ვითარების დასტაბილურებას და შემდეგ იმოქმედებს. ნებისმიერი ინვესტორის ქცევა თითქმის 100%-ით დამოკიდებულია გარემოზე, იქნება ეს შიდა თუ გარე ინვესტორი. თუ კარგად გადავავლებთ თვალს 2019 წლის მოვლენებს, ყველაფერი ცხადია. შესაბამისად, ის ვინც ხელოვნურად ქმნიდა დესტაბილიზაციას და დაძაბულ ფონს ქვეყანაში, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
მიუხედავად ამისა, არის პოზიტიური მაჩვენებლებიც. რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3% დაფიქსირდა, 2014 წელს 17,6% იყო. ის ფაქტი, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ყველა წელს სტაბილურად მატულობს მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის მხრიდან გაფართოების სტიმული მეტია, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის რეფორმამ, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესის მხრიდან გაზრდილმა ნდობამ“, - აცხადებს გულბანი.
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილიც აღნიშნავს, რომ შარშანდელი მაჩვენებელი ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა და აშკარა წარმატებაა.
„ბევრი შეიძლება ვიდავოთ იმაზე, შარშან მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1267,7 მილიონი დოლარის მოცულობით ბევრია თუ ცოტა? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის ივნისიდან ქვეყანა შევიდა ტურბულენტურ ზონაში და პოლიტიკური დაძაბულობა არ იკლებდა, ეს არის მიღწევა. ეკონომიკური კლიმატი მკვეთრად გაუმჯობესდა 2019 წლის ბოლო კვარტალში. პირდაპირმა ინვესტიციებმა 347 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ყველაფერი შედარებითია, საქართველო კი მეათე ადგილზეა მსოფლიოში ინვესტიციების მშპ-სთან მიმართებაში. ეს კარგია თუ ცუდი? აშკარად ძალიან მაგარია!“ - წერს მჭედლიშვილი.
თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომელსაც პოლიტიკური ელფერი გასდევს. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ. მისი აზრით, დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა და არც უნარი გააჩნია.
„2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ გაზრდილა. მასში სააქციო კაპიტალის წილი კი ბოლო 7 წლის მინიმუმზეა და მხოლოდ 493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს მიმართ ინტერესს კარგავენ და ქვეყანაში ფული აღარ შემოაქვთ. შესაბამისად, აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და არ უმჯობესდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება სახელმწიფო ვალი და ბიუროკრატიული ხარჯები.
გასულმა 7-მა წელმა აჩვენა, რომ დღევანდელ მმართველ ძალას ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის არც გეგმა გააჩნია და არც უნარი, ამიტომ მისი ცვლილება მომავალ არჩევნებზე გარდაუვალია“, - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.