ხელისუფლებამ ყველა მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს, ანუ 30-ვე მაჟორიტარი გაიყვანოს, პროპორციულიდან მინიმუმ ხმების 40% -ის დამატება სჭირდება, რათა მომავალ პარლამენტშიუმრავლესობა ჰყავდეს. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
„დღევანდელი საარჩევნო სისტემით, თუ პოლიტიკური პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებდა, მისთვის საკმარისი იყო პროპორციულ არჩევნებში 5%-ის მიღება, რომ პარლამენტში უმრავლესობა ჰყოლოდა.
გუშინდელი შეთანხმების შემდეგ, ყველა მაჟორიტარი რომ მოიგოს, ანუ 30-ვე მაჟორიტარი გაიყვანოს, პროპორციულიდან მინიმუმ ხმების 40% -ის დამატება სჭირდება, რათა მომავალ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს.
ჩვენ თუ დღემდე გვქონდა დეფაქტო 5%-იანი პროპორციულობა, ახლა გვექნება 40%-იანი. ჩვენ გვინდოდა 50 %-იანი პროპორციულობა, ანუ სრული. ეს იყო ივნისის ინიციატივა, ნოემბერში ჩაკლული და მერე ქვეყანა უკიდურეს კრიზისში გადადებული. მისი აღდგენა და დაბრუნება იყო შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყნის სამართავად ყველა მაჟორიტარის მომგებ პარტიას თუ 5% სჭირდებოდა, პროპორციულიდან რომ მიემატებინა , ხვალ დასჭირდება 40% . ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი პროპორციულის, ანუ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხდა დავით უსუფაშვილმა გუშინ ოპოზიცია-ხელისუფლების მიერ შეთანხმებულ საარჩევნო მემორანდუმთან დაკავშირებით
მისივე თქმით, თუ ეს შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება, უკიდურესად დაძაბული, სუპერ დაპირისპირებული, სამკვდრო-სასაცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტიკური ძალების საარძევნო ომს მივიღებდით, რაც ქვეყანას ძალიან დააზარალებდა.
„მეორე პოლიტიკური მხარე ამ შეთანხმების - ჩვენ განწირული ვიყავით და ვრჩებით, თუ ეს შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა, უკიდურესად დაძაბული, სუპერ დაპირისპირებული, სამკვდრო-სასაცოცხლოდ ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტკური ძალების ასპარეზად გვექცია ქვეყანა, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო საფრთხე ემუქრება.
ამ შეთანხმების შემდეგ, ვინაიდან პოლიტიკური ძალები ერთად დავსხედით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით რაღაცას ხელი მოვაწერეთ, ამით შევთანხმდით, რომ უფრო ცივილურად და ადამიანურად მოვიქცევით. და არა ასე - თუ ვინ ვის სად წაასწრებს, ვის ემორჩილება პოლიცია და პროკურატურა, ვის ჩაავლებს ხელს და დაიჭერს, ან უმრავლესობაში ვარ და კანონში რასაც მინდა, იმას ჩავწერ, - ამ შეთანხმებით ეს შეიზღუდა“, - ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, გუშინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მიღწეული კონსენსუსის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30-ზე საარჩევნო სისტემით, 1%-იანი ბარიერის პირობებში გაიმართება. აგრეთვე, კანონში ჩნდება ე.წ. ჩამკეტი ბარიერი, რომლის მიხედვით, პარტიას, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა არ შეეძლება.