“120/30-ზე საარჩევნო სისტემის პირობებში, ხელისუფლებას ნაკლები აქვს შანსი, რომ საარჩვენო სურათი დაამახინჯოს, თორემ რაიმე გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს, არ არსებობს“,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “2020NEWS“-თან განაცხადა.
მისი თქმით, 1%-იანი ბარიერის პირობებში, “ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ოპოზიციის დაქსაქსვის სურვილი აქვს, მაგრამ რეალურად, ოპონენტების დაყოფა ნაკლებად მოსალოდნელია.
“1%-იან ბარიერს თავისი საფრთხეები აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ სატყუარაზე ვინმე წამოეგოს. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, ბარიერგადაულახავი პარტიების მაჩვენებელი 25%-მდე ადის ხოლმე. შემდეგ ეს მაჩვენებელი ბარიერგადალახულ პარტიებზე ნაწილდება და საარჩევნო სურათი მახინჯდება. დაბალი ბარიერი კი ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ქვეყანაში მასიმალურად ობიექტური არჩევნები ჩატარდება.
შეიძლება ხელისუფლებას სურს, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში, ძლიერი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება არ დაუშვას, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მიღწეული კონსენსუსის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30-ზე საარჩევნო სისტემით, 1%-იანი ბარიერის პირობებში გაიმართება. აგრეთვე, კანონში ჩნდება ე.წ. ჩამკეტი ბარიერი, რომლის მიხედვით, პარტიას, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა არ შეეძლება.