რაზე მოაწერეს ხელი ხელისუფლებამ და ე.წ. ოპოზიციამ? – დოკუმენტის დეტალები

რაზე მოაწერეს ხელი ხელისუფლებამ და ე.წ. ოპოზიციამ? – დოკუმენტის დეტალები

8 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საარჩევნო სისტემის შესახებ და საერთო განცხადებას, რომელიც საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაციას ეხება.

განცხადების და მემორანდუმის ტექსტები აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე, პროცესის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ფასილიტატორების განცხადებასთან ერთად გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან.

შეთანხმება ასევე 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად დადგინდება.

ცალკე პუნქტი ეთმობა ვადამდელ არჩევნებს:

„2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით“, – წერია მემორანდუმში.