მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, ამ ჟივილ-ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას დაანებოს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი საარჩევნო სისტემათან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფორმულა, რაზეც შეთანხმება მოხდა, საზოგადოებისთვის მისაღებია და სწორედ საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოოდ გამარჯვებული.
„კმაყოფილი ვარ, რომ დაგვთანხმდა ოპონენტების ჯგუფი იმაზე, რომ აღარ დაიჩემეს, 29 უნდა იყოს მაჟორიტარი. თვითონაც მიხვდნენ იმას, რომ გეოგრაფია ამის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება თვითონ სისტემას, კარგია, რომ არ დარჩა არც ერთი შეკითხვა. არის კიდევ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი.
მინდა, მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, ამ ჟივილ-ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას დაანებოს თავი. საქართველო დაწყნარდა, ისედაც ბევრი პრობლემა არის და გადავიდეთ პროგრამების და პროექტების ჭიდილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშინია არ განმეორდეს ის, რაც 24 ივნისის შემდეგ მოხდა. კიდევ ეს ხმაური, რომ აბა ხელები ამოვუტრიალეთ ვიღაცას და აბა რაღაც გავაკეთეთ, არასწორია, არარელევანტური და უსაფუძვლოა.
არის საკითხები, როცა ვერ გამოდის ორივე მხარე გამარჯვებულად, მაგრამ ჩვენ, პარტიები რა შუაში ვართ ამ გამარჯვებაში საერთოდ, საზოგადოება უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში გამარჯვებული. ვფიქრობ, რომ ეს ფორმულა საზოგადოებისთვის არია მისაღები და კარგი. აქ ცალკეული პიროვნებების, პარტიულ პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე არ მომხდარა შეთანხმება იმაზე, რომ ვინმე არის პოლიტპატიმარი. ვოლსკის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
„არ ყოფილა პოლიტპატიმრებზე საუბარი, არ არის პოლიტპატიმრები საქართველოში. ალბათ იმას გულისხმობდნენ, რომ თუ გაიმარჯვებს, პოლიტპატიმრებად მონათლავენ, გამოუშვებენ და მითითებას მისცემენ სასამართლოს და აქედან გამომდინარე. ამ საკითხზე არც საბოლოო მემორანდუმში ყოფილა საუბარი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქბეყნებსმ რომლებმაც აღნიშნულ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრეს.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს და პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირს, აშშ-ს, რომლებმაც ძალიან პროფესიულად გასწიეს თავისი სამუშაო, როგორც შუამავლებმა. მაგრამ ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ მათი ინტერესი არის სტაბილური, ძლიერი საქართველო. ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს აქტიური თანამშრომლობის გადაწყვეტილებაზე, არ გამომდინარეობს რაღაც მხოლოდ პიროვნული კეთილი სურვილებით, ეს არის აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესი, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო, მით უმეტეს ასეთი გამოწვევის პირობებში“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.