ლარი უკვე 2,77-ის ნიშნულზეა და წლის დასაწყისიდან მოყოლებული აგრძელებს გამყარებას. სადამდე გასტანს დადებითი ტენდენცია ცნობილი არ არის, რადგან გაცვლითი კურსის ფორმირებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ერთი რამ კი შეიძლება ითქვას, ეროვნული ვალუტა გაუფასურების გზას გარკვეული პერიოდი მაინც აღარ დაადგება.
მოლოდინი მართლდება და ლარი წონასწორულ ნიშნულს უბრუნდება - ასე აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებას.
„ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ყოველთვის ვიძახდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ჩვენი და ასევე ბევრი ეკონომისტის მოლოდინიც იყო, რომ ლარი უნდა გამყარებულიყო და ასეც ხდება, მოლოდინი მართლდება, ეს გასაკვირი არაა. პირიქით, ლარი გაუფასურებული რომ იყო ამდენხანს, ეს უფრო გასაკვირი იყო ჩვენთვის“, - განაცხადა ლეჟავამ.
რამდენია წონასწორობის კურსი, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. ბიზნეს სექტორის ნაწილი თვლის, რომ წონასწორობის კურსი სწორედ დღევანდელი მდგომარეობაა, რაც დიდხანს შენარჩუნდება.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის კურსის გამყარება ბუნებრივი პროცესია. თუ გარე ფაქტორები წლის განმავლობაში არ შეიცვალა, მაშინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით სწორედ არსებულ ნიშნულზე დარჩება.
„შარშან წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებთ მეოთხე კვარტალში ლარი გაუფასურებული იყო და ის, რაც დღეს ხდება, საკმაოდ ნორმალური და ბუნებრივია. ჩვენი ეკონომისტების გათვლებით, თუ გარე ფაქტორები არ შეიცვალა, სწორედ ამ ნიშნულზე დარჩება ლარი. რა თქმა უნდა, გარკვეული რყევები მას შეიძლება ჰქონდეს, თუმცა დღევანდელი სიტუაცია ბუნებრივია“, - აღნიშნა მან.
„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე კი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ასევე გამოიყენა სხვა ინსტრუმენტები, როგორიც არის სარეზერვო ნორმების შემცირება, ინტერვენციები და ა.შ. ამან დადებითი გავლენა იქონია იმ კუთხით, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლარმა გამყარება დაიწყო.
„რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-თებერვალს, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდა, ამაში ლომის წვლილი აქვს არარეზიდენტი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ჩვენი ფასიანი ქაღალდებით, რადგან საპროცენტო განაკვეთი მაღალია.
თუ შევხედავთ ისეთ ინვესტორებს, რომლებიც ფულს აბანდებენ ურისკო ფასიან ქაღალდებში. ამერიკაში დაწეულია დოლარში საპროცენტო განაკვეთი, ახლა კიდევ კორონავირუსის ფონზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბლა წამოვიდა, ამიტომ განსხვავებები ლარში ინვესტირებასა და დოლარში ინვესტირებას შორის ძალიან დაბალია, ამიტომ თუ ინვესტორებს სჯერათ, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის ნორმალური, მათი ინტერესი იანვარში არის გაოთხმაგებული და სწორედ ეს ძირითადი ფაქტორი უბიძგებს ლარს გამყარებისკენ. პირველ 2 თვეში ტურისტული მაჩვენებლებივ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 18%-ით. ასევე იზრდება ექსპორტი და სავაჭრო დეფიციტი მცირდება “, - განაცხადა ქავთარაძემ.
ახლა მნიშვნელვანი ფაქტორია ცენტრალური ბანკის სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და შემდგომი ნაბიჯები, რადგან წინ საკმაოდ დაძაბული თვეებია. საბანკო სფეროს ექსპერტის გოჩა თუთბერიძის აზრით, ლარის კურსი იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში და ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
„მნიშვნელოვანია მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ბევრი ფაქტორია, რაც ამაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ტურიზმიდან შემოსული თანხებიც.
მიმდინარე ეტაპზე ლარი გამყარებისკენ წავა გარკვეული პერიოდი, რადგან მიმდინარე ბალანსი არის მინიმალურ ნიშნულზე. აქამდე ასე არ ყოფილა. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერიოდში დადებითად მოქმედებს გაცვლით კურსზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ტრანსფერები, თანხები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები აგზავნიან უცხო ქვეყნებიდან, ესეც დადებითად მოქმედებს. დანარჩენი კი დამოკიდებულია მთავრობის ხარჯვით პოლიტიკაზე“, - განაცხადა თუთბერიძემ.