იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კარგად ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჩვენ შევძლებთ ერთობლივად გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, ამიტომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მედიკოსებს ინფექციის კონტროლში ძალიან დაეხმარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა თქმა უნდა, შემცირდება და იქნება მეტად კონტროლირებადი. იმ შემთხვევაში თუ მაღალ პასუხისმგებლობას ისინი არ გამოიჩენენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გართულდება ბევრად ინფექციის მართვა. მაგრამ ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“ - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მთავრობა იმსჯელებს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და ვირუსი სხვებს გადასდო.
„მე ვთვლი, რომ მთავრობა ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს და ალბათ ერთობლივი გადაწყვეტილებით დაგიბრუნდებით და გიპასუხებთ კითხვაზე. თუმცა, მინდა განვმარტო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, ისეთს, როგორიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრევენციას და შემდგომ უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნების მართვას. დანარჩენ თემებზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს ერთობლივად და გადაწყვეტილებას, შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.