„არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების თანადგომა და არა საარჩევნო სისტემა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობის მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
„უახლოეს მომავალში ოპოზიციასთან შეხვედრა კიდევ უნდა გაიმართოს, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კონსენსუსი შედგება. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 110/40-ზე, თუ 120/30, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები. გუნდში იყვნენ ადამიანები, გარკვეული ჯგუფი დეპუტატების, რომლებიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება. მე მომხრე ვარ 120/30-ის და მომხრე ვიყავი პროპორციულ საარჩევნო სისტემისაც. ასე რომ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები. ყველაზე მთავარია საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.
ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.