ჩვენი გუნდი მხარს უჭერს და მზადაა ისეთი სისტემისთვის, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს პროპორციულ არჩევნებზე ლოგიკურ და დემოკრატიულ გადასვლას. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები, მისი სისტემა და პირობები უნდა იყოს სადღაც შუაში 2024 წელს პროპორციული სისტემით ჩატარების გზაზე, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის არსებობს ყველა ობიექტური პირობა, რათა პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგეს.
„ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ჩვენ ვიცოდეთ, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე. ჩვენი გუნდი მხარს უჭერს და მზადაა ისეთი სისტემისთვის, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს პროპორციულ არჩევნებზე ლოგიკურ და დემოკრატიულ გადასვლას. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები, მისი სისტემა და პირობები უნდა იყოს სადღაც შუაში 2024 წელს პროპორციული სისტემით ჩატარების გზაზე. შესაბამისად, ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენ წარმოვადგინეთ სამართლიანი, დაბალანსებული და პრაგმატული წინადადებები.
ოპოზიციას რამდენიმე მთავარი მოთხოვნა ჰქონდა. პირველი - ისინი იცავდნენ 2024 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებულ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, რომელსაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვართ ამ გადაწყვეტილების და 2024 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. მეორე მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა იმას, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით პარტიას უმრავლესობის დაკომპლექტება და მთავრობის ჩამოყალიბება არ უნდა შეეძლოს. ჩვენ სწრაფად ვუპასუხეთ, რომ მზად ვართ, პირდაპირ ავსახოთ კანონმდებლობაში, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააკომპლექტოს უმრავლესობა. ოპოზიციის ეს მოთხოვნაც ჩვენ დავაკმაყოფილეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. მმართველი გუნდის შეთავაზებით, გამარჯვებული სუბიექტი 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში 75 მანდატზე მეტის მოპოვებას ვერ შეძლებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცოტაოდენ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, რისთვისაც საბოლოო ვადა 9 მარტია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების მინიმუმ 40% უნდა მიიღოს, რაც პროპორციული წესით 130 დეპუტატის, ხოლო 20-ის კი მაჟორიტარულით არჩევას ნიშნავს.