გაერო „იმედისა“ და „კავკასიის“ დახურვას აპროტესტებს

გაერო „იმედისა“ და „კავკასიის“ დახურვას აპროტესტებს

საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან და ხელისუფლების ქმედებებს ღიად აკრიტიკებენ.

მათთვის განსაკუთრებით მიუღებელია დამოუკიდებელი ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „კავკასიის“ - მაუწყებლობის შეწყვეტა და „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, ლუის არბური, აცხადებს, რომ იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახალხო დამცველს და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ საქართველო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის წევრი სახელმწიფოა. მშვიდობიანი მომიტინგეებისა და სახალხო დამცველის წინ არაადეკვატური ძალის გამოყენება, ისევე, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დახურვა, სერიოზული შეშფოთების საბაბია.

ორგანიზაცია „ჰიუმენ რაითს უოტჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორის, ჰოლი კარტნერის თქმით:

„პოლიტიკური კრიზისის პირობებშიც კი ქართველებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი და არ იქნენ ნაცემი პოლიციის მიერ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენება.“