დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდგინდა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.
„44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ერთი ჯგუფი ადამიანების, ვინც იყო ერთად სამოგზაუროდ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ 44 წლის მამაკაცს, რომელიც ექიმია, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ის საქართველოში იტალიიდან კვირას დაბრუნდა, 3 დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაღალი სიცხით კი ინფექციურ კლინიკას გუშინ მიმართა.