ვფიქრობ, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს. მინისტრმა დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.