რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა კომენტარი გააკეთეს.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის გამწვავების ფონზე საჭიროა პირისპირი შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჰაერო დარტყმისას სირიის არმიამ თურქი სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ არ იცოდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი თურქი სამხედრო დაიღუპა.

თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, ხოლო დღევანდელი შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები იდლიბის პროვინციაში ვითარებას შეამსუბუქებს.

„ვიცი, რომ დღეს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ჩვენს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ.