"საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა კორონავირუსს, ვიდრე ევროპული ქვეყნები" - ის, რაც ქართველმა ემიგრანტმა ნახა

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, მანანა ჯინჭარაძის მიმართვა გავრცელდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა. ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისე მომიწია, რომ 6 აეროპორტის საბაჟო გავიარე - 2 იტალიის, 2 საქართველოს და 2 გერმანიის… მინდა, დარწმუნებით მოგმართოთ, რაშიც ბევრი ჩემი მეგობარიც დამეთანხმება – ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ყველაზე მომზადებული საქართველო აღმოჩნდა…

პირველი ბოლონიის აეროპორტში მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით “ეკიპირებული” ნიღბებითა და ხელთათმანებით, სამივე ქართველი, საპასპორტო შემოწმების გარდა, საერთოდ ადამიანი არ შეგვხვედრია, ვისაც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაწუხებდა…

ქუთაისის აეროპორტში დაგვხვდა ექიმთა ჯგუფი, რომელმაც ძირფესვიანად გამომკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა, წამოსვლისას კი, ფაქტობრივად, “ნასკებიც” კი გაგვხადეს და სათითაოდ შეამოწმეს ყველა ნივთი... მსგავსი რამ ევროპაში არსად მინახავს..

გერმანიამ სულ ტაშ-ფანდურით მიმიღო და გამომაცილა...

აი, ბერლინი-პიზის რეისის მგზავრები კი გიჟივით მიყურებდნენ, ფაქტიურად ფანტომასივით ვიყავი შეფუთული შავ ფერებში, იტალიელები კი პირდაპირ იატაკზე იყვნენ გაწოლილები საკუთარ ჩემოდნებზე... ამიტომაცაა 2 ათასზე ასული ინფიცირებული...

რატომ მოვყევი ახლა ამხელა ისტორია. ჯერ იმიტომ რომ, პირველ ყოვლისა, არ გიყვართ და არ აფასებთ საკუთარ ქვეყანას (განსაკუთრებით ემიგრანტები). მეორე, არ გჯერავ, ან არ გინდათ დაიჯეროთ რომ საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა. დიახ, ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ.

რაც შეეხება ყბადაღებული “ნიღბების” თემას, გეტყვით, რომ იტალიაში დეკემბრის მერე ნიღბები არც ერთ აფთიაქში აღარ იყიდება... სადეზინფექციო ხსნარები კი ხუთმაგად გაძვირდა.

უბრალოდ, ხელების დაბანა ვერ "ასწავლეს" ხალხს…

მოვა დრო, ეს ვირუსიც ჩაივლის, ნახავთ რომ ქართველ ექიმებს მადლობას ეტყვიან და ყველაფერი კარგად იქნება…"