როგორი სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ამ დრომდე გაურკვეველია

როგორი სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ამ დრომდე გაურკვეველია

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეთანახმება არ მოხდა, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. დიპლომატი ფქირობს, რომ არის შესაძლებლობა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ.

„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს, მოიძებნოს კომპრომისი. ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელში, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. ამის მერე რა იქნება, რთული სათქმელია“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზოციას მაქსიმალური ვადა 9 მარტამდე აქვს, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სისტემა 110/40 -ით არ არის ის, რასაც ივანიშვილი საქართველოს „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაპირდა. აქედან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს. ბოკერია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის კრიტიკული მასა „ქართული ოცნების“ შემოთავაზებებს მხარს არ უჭერს.

„სისტემა 110/40-ზე ისეთივე მიუღებელია, როგორც 100/50-ზე. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, მით უმეტეს მათ, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის მაგიდასთან არ არიან, უფლება აქვთ, ამა თუ იმ წინადადებას მხარი დაუჭირონ, ჩვენ როგორ უნდა ჩავერიოთ. „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ ეს შემოთავაზება, ე.წ. ჩამკეტი და ა.შ. არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლისა და გავრილოვის ღამის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. არც ნორმალიზებად ჩაითვლება პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ხმა უნდა მისცეს, მათი არჩევანია და პატივს ვცემთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკება არ უნდა, თუმცა საერთაშორისო ზემოქმედების ეშინია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის გაუგებარია, რეალურად რა სურს მმართველ გუნდს.

„რა უნდათ, 110/40-ზე, თუ 100/50-ზე? არ უნდათ მოლაპარაკება. ერთადერთი, ეშინიათ საერთაშორისო ზემოქმედების, არიან გამოუვალ მდგომარეობაში და კედელთან მიმწყვდეული. დარჩენილია ერთი კვირა და ჩავარდნილი არიან საგონებელში. ფიქრობენ, კვლავ მოატყუონ ხალხი, თუნდაც ამას მოყვეს მწვავე სანქციები, მათ შორის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. შემოგვთავაზონ კონკრეტული წინადადება. ჯანდაბას, არ იქნება პროპორციული და მოგვატყუეს? თანახმა ვართ, არსებული სისტემით მივიღოთ მონაწილეობა, თუ იქნება პროპორციულთან მიახლოებული კანონი. არაფერს გვთავაზობენ დღემდე, მიდის დროის გაჭიანურება და მოტყუება“, - აცხადებს რომან გოცირიძემ.

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების წინადადების, გარანტიების და მექანიზმების ნაბეჭდი სახით ნახვა სურს ირმა ინაშვილს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აცხადებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე. გამოიკვეთა ერთ-ერთი -110/40-ზე.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა იყო 135/15-ზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებდით სამხარეო პრინციპს, როდესაც მაჟორიტარების განაწილების ყველა მხარე იქნებოდა მოცული, პლუს თბილისი სამი მაჟორიტარით წარმოდგენილი. ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო და დღესაც რჩება სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში.

მრავალი წელია, ამაზე ვსაუბრობთ და პლუს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კანონის კატეგორიის დანაშაული. დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე. ერთ-ერთი, რაც გამოიკვეთა, არის 110/40-ზე, რომლის გარშემო მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენც ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები“, -აცხადებს ირმა ინაშვილი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემით, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, პატარა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში.

„ოპოზიციის მიმართ შეთავაზება გაკეთებულია. ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება მზაობასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შეთანხმება და კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. შეთავაზებულია ორი ვარიანტი, 100/50 და 110/40. ბარიერს რაც შეეხება, პრობლემა არ არის, როგორც მათ სურთ, ისე გაკეთდეს. უნდათ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, უნდათ - სამი ან ხუთპროცენტიანი. ზოგადად, ოპოზიციაშიც არის განხეთქილება. საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება აუცილებლად უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე დარწმუნებულია, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება. მისი თქმით, პრობლემა წამოვიდა იქიდან, რომ არის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას.

„ჩვენ მოვისმინეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება. პრობლემა წამოვიდა იქიდან, რომ არის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. ორმოცამდე დეპუტატია.

შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება 110/40 იმიტომ გაკეთდა, რომ ეს ყველა უთანხმოება თავიდან ყოფილიყო აცილებული. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ჯერი ოპოზიციაზეა. თუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ინიცირებას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ 3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი. მამუკა მდინარაძეს თქმით, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ მოდელით რომ ჩატარებულიყო, რასაც ახლა მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც 5%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნებით.

„რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას, ვერც ერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ანუ 75 -ზე მეტი მანდატის მიღებას.

თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო არჩევნები ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით სულ რაღაც 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ მანდატებთან მიმართებით მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც მიიღებდა 5%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების დროს.

ე.წ. ჩამკეტი, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, სწორედ ამას გულისხმობს - არც ერთი მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულ სისტემაში 5%-იანი ბარიერით არის შესაძლებელი. თუ სუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რამდენ პროცენტიან ბარიერსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მოისურვებენ, იმაზე მივყვებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

tngh საქართველოს მოსახლეობამ 2005 წლის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას 100/50-ზე თანაფარდობით. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და ნება. იმედია, ეხლა მაინც დადგება საკონონმდებლო ინიციატივა ამ რეფერენდუმის შესაბამისად...
4 თვის უკან
tngh საქართველოს მოსახლეობამ 2005 წლის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას 100/50-ზე თანაფარდობით. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და ნება. იმედია, ეხლა მაინც დადგება საკონონმდებლო ინიციატივა ამ რეფერენდუმის შესაბამისად...
4 თვის უკან