„ევროპული საქართველო“ ხელისუფლების წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია წინადადების მხარდაჭერას გადაწყვეტს, ეს მათი არჩევანი იქნება.
„არც ნორმალიზაციად ჩაითვლება ეგ. პოლიტიკური პატიმრების და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება და ხმასაც არ მივცემთ მაგას. თუ ვინმე თვლის, რომ ღირს ეს ხმის მისაცემად, ეს მათი არჩევანი არის. მე პატივს ვცემ ყველა ჯგუფის არჩევანს, მეც და ჩემი პოლიტიკური ძალაც“, - განაცხადა ბოკერიამ.
1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.ოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.