გიორგი ვოლსკი: დესტაბილიზაცია მართლაც ერთადერთი გზაა ოპოზიციისთვის

გიორგი ვოლსკი: დესტაბილიზაცია მართლაც ერთადერთი გზაა ოპოზიციისთვის

დესტაბილიზაცია მართლაც ერთადერთი გზაა ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრისას განუცხადა.

„დესტაბილიზაცია მთავარი საკითხია, რომელზეც დღეს მსჯელობენ ოპოზიციაში, რადგან ლოგიკასაც რომ დავაკვირდეთ, პროცესი როგორ ვითარდება, ვამბობთ, რომ არ შეიძლება 40 პროცენტზე ნაკლები იყოს მმართველი გუნდის რესურსი, შევთანხმდით ამ საკითხებზე პრინციპულად. ჩვენ არ გვგონია, რომ ამ შეთანხმების დარღვევის სხვა ლოგიკური ახსნა არსებობდეს, თუ არა ის, რომ დესტაბილიზაცია მართლაც ერთადერთი გზაა მათთვის, რადგან მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე მათგანმა, თუნდაც გიგა ბოკერიამ დააყენოს თავისი კანდიდატურა და თქვას, მე მაჟორიტარად თუ დავდგები ამა და ამ ოლქში, გავიმარჯვებ, ერთი მაგალითი მაინც გვიჩვენონ ამისი, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი ეჭვები იქნება, თუკი ამ საკითხებზე არ იქნება შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ბოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.