„ნაცებმა“ კოაბიტაციისას მუტაცია განიცადეს და მივიღეთ კორონა-პოლიტიკა, კორონავირუსივით გადამდებია სააკაშვილის ახალ-ახალი ფანტაზიები“

„ნაცებმა“ კოაბიტაციისას მუტაცია განიცადეს და მივიღეთ კორონა-პოლიტიკა, კორონავირუსივით გადამდებია სააკაშვილის ახალ-ახალი ფანტაზიები“

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ბიბლიოთეკაში შტაბი შექმნა, რომელიც ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას უზრუნველყოფს და მათ საარჩევნო დამკვირვებლებად მოამზადებს. მისი თქმით, ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი, ამიტომ ამ საარჩევნო შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

მმართველი გუნდი სააკაშვილის შტაბის შექმნაში გარკვეულ სიმბოლიკას ხედავს. მათი აზრით, სიმბოლურია, რომ სისტემურ დანაშაულთან ასოცირებული „ნაციონალთა“ გუნდი სწორედ ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს.

სააკაშვილის შტაბის გახსნამ ანრი ოხანაშვილი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და მან „გულუბრყვილოდ“ იკითხა, „საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძენება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი და 23 ათასამდე პატიმარი?!“

ოხანაშვილს არც მამუკა მდინარაძე ჩამორჩენია. ის ფიქრობს, რომ საკუთარი შტაბის შემქმნელი სააკაშვილი შეეცდება დააბულინგოს ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი, რათა მათ მის დაკრულზე იარონ. მდინარაძის აზრით, სააკაშვილს აქვს ავტორიტარული ემოციები და ვერ იტანს, რომ ერთ-ერთი შეიძლება იყოს ოპოზიციურ სპექტრში. ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი შტაბის შექმნა.

დავით მათიკაშვილმა კი ჩათვალა, რომ „მგონი, სააკაშვილი ბავშვობას დაუბრუნდა და შტაბობანას თამაში დაიწყო“.

„მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი“, - ამბობს ჯელალ ქიქავა, სააკაშვილის შტაბის ერთ-ერთი პირველი წევრი.

რეალურად, რისთვის სჭირდება სააკაშვილს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული შტაბი?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს იქნება ერთგვარი პრეტორიანული არმია, როგორიც რომის იმპერიაში ჰყავდათ იმპერატორებს და პრეტორიანელები დიდ როლს ასრულებდნენ ტახტის გარშემო არეულობებისა და გადატრიალებების საქმეში.

ანალიტიკოსის განმარტებით, სააკაშვილი ჯარისკაცებს კრებს, რადგან ოპოზიცია სააკაშვილის გარშემო ან გროვდება, ან -არა, ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის მისაღებია ყოფილი პრეზიდენტის ფიგურა, ზოგისთვის კი - არა. ამიტომ სააკაშვილი ცდილობს, პირადი ერთგულების პრინციპით, უშუალოდ მისი მომხრეებისგან პირადი გვარდია შექმნას.

„ეს პრეტორიანულ გვარდიას მაგონებს, იმპერატორებს რომ ჰყავდათ დაახლოებით ისეთი. რა თქმა უნდა, მათ ექნებათ თავიანთი ინტერესი, რომ, თუ სააკაშვილი მობრუნდება ხელისუფლებაში, თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას ამ ხალხს გადაუნაწილებს, თანამდებობებს ჩამოურიგებს. როგორც თავის დროზე „კმარას“ დაურიგა, დაახლოებით ამას აკეთებს. ამით სააკაშვილს ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლა უნდა, პირველი, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას პირადად შეუძლია შეაგროვოს უფრო მეტი ხალხი, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად. თავის მომხრეებში კი სააკაშვილის ფიგურას მართლაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ყველა სხვას. მეორე, სააკაშვილი ამას გამოიყენებს პოლიტიკურ თამაშებში, როცა ძალაუფლება იქნება გადასანაწილებელი და საარჩევნო სია იქნება შესადგენი და დაეყრდნობა თავის პირად გვარდიას. მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ხალხი სჭირდება სანახაობისთვის. ის შოუმენია, პოლიტიკა შოუც არის და ეს კარგად გამოსდის ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს. ნათელაშვილის ოფისში პერფორმანსების შექმნით დაკავებული გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით სააკაშვილი მეორე ალტერნატიულ სანახაობას ქმნის, რაც აჟიოტაჟს გამოიწვევს. ბიბლიოთეკა და შტაბი ერთმანეთთან შეუთავსებელია, მაგრამ ეს ყველაფერი აფექტებს იწვევს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ სანახაობის შექმნით სააკაშვილი აღწევს იმას, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

მისი მთავარი მიზანი მუდმივად იყო ცენტრში ყოფნა. თავის დროზე ამიტომაც ვერ აიტანა პარლამენტი და ქუთაისში გააგდო, რადგან თვითონ უნდოდა ყოფილიყო ცენტრი. მას ინსტინქტის დონეზე აქვს ცენტრში ყოფნის სურვილი და უკრაინაშიც რომ ვერ მოახერხა ცენტრში ყოფნა, მერე პოროშენკოს აუხირდა. უფრო მეტიც, დავით ზარდიაშვილის თქმით, შევარდნაძე სააკაშვილს ეუბნებოდა, მეორე ადგილზე შენ ხარ საარჩევნო სიაშიო, მაგრამ სააკაშვილს პირველობა უნდოდა, რადგან სხვას გარშემო ვერ იტანდა.

გაუწევთ თუ არა გული ახალგაზრდებს მიშასთან? ამის შესახებ დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისთავად არსებობს, ის არ დაშლილა და მისი საპატიო თავმჯდომარე სააკაშვილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მოქალაქე არ არის. პარტია მას ისედაც ჰყავს, მაგრამ ახლა მეორე შტაბიც მოინდომა, რათა პირად გვარდიას დაეყრდნოს.

„სააკაშვილი კორონავირუსივით არის. კორონავირუსი ხომ მუტაციაა, სხვა ბიოლოგიური სახეობების ორგანიზმში რაც იყო ვირუსი და, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის უცხო იყო, ბოლოს ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდა. „ნაცებმაც“ კოაბიტაციისას მუტაცია განიცადეს და მივიღეთ კორონა-პოლიტიკა. ასე რომ, ვირუსივით გადამდებია სააკაშვილის ახალ-ახალი ფანტაზიები“,-აცხადებს ანალიტიკოსი.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უშუალოდ სააკაშვილის ზრახვების შესახებ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ეჭვობს, ეს შტაბი აგრესიულ რევანშისტულ მიზნებს ემსახურებოდეს.

„მე მოვისმინე ვაშაძეების განცხადებები ამ შტაბთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ დამხმარე ჯგუფი იქნება, რომელიც არჩევნებში შეეცდება ახალგაზრდების ჩართვას. მე ასე ვხედავ ამ შტაბის დანიშნულებას და გამოვრიცხავ რევოლიციურ გზას. „ნაციონალებმა“ და ოპოზიციამ რომც წააგოს არჩევნები, რევოლუცია მოსალოდნელი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი სტრატეგიული მეგობრები - შეერთებული შტატები, ევროპა და ადვილი არ იქნება არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან უხეში და აშკარა დარღვევები არ დაფიქსირდა“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

 

tngh რამოდენიმე დღის წინ ქ. ბორჯომის მერი დააკავეს. იმს განთავისუფლებას რატომ არ ითხოვენ "ნაც-ოპოზიციის" დემაგოგები???
4 წლის უკან
tngh რამოდენიმე დღის წინ ქ. ბორჯომის მერი დააკავეს. იმს განთავისუფლებას რატომ არ ითხოვენ "ნაც-ოპოზიციის" დემაგოგები???
4 წლის უკან