აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, 2003-2008 წლებში საქართველომ აზერბაიჯანს 108 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა...
მკითხველისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ თურმე საქართველო არა მარტო ყიდულობს შეიარაღებას, არამედ თვითონაც ყიდის და თანაც - სოლიდური ღირებულებისას.
ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანული ვებ-გვერდების მტკიცებით, საქართველო უკრაინასა და რუსეთთან ერთად ამარაგებდა აზერბაიჯანს იარაღით.
აზერბაიჯანულ ვებგვერდზე მითითებულია, რომ 2003-2008 წლებში უკრაინამ აზერბაიჯანს 364 მლნ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა, რუსეთმა - 128 მლნ-ის, ხოლო პატარა საქართველომ, არც მეტი, არც ნაკლები - 108 მლნ-ის(!).
არადა, სწორედ ამ წლებში, აგვისტოს ომამდე, ქართული არმია თავად გამალებული იარაღდებოდა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავდა გაგზავნილი ემისრები იარაღის პარტიების შესაძენად.
ნუთუ ასეთ დროს თბილისს ჰქონდა რაიმე სახის შეიარაღება, რომელიც თავად არ სჭირდებოდა და მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს მიჰყიდა?
თქვენ წარმოიდგინეთ, ასეა!
იმის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, რომ აზერბაიჯანისთვის მიყიდული შეიარაღება ქართულ არმიას არ სჭირდებოდა (ალბათ, პირიქით), მაგრამ ფაქტია, რომ იმ წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში მართლაც გავიდა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა.
არაოფიციალურად აზერბაიჯანი და საქართველო იარაღით 1992 წლიდან ვაჭრობდნენ. მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს "მხედრიონმა" აზერბაიჯანში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის, "ურაგანის" რამდენიმე რაკეტა იყიდა (ფულს მხედრიონელებმა ფარშევანგიც დაუმატეს, რადგან აზერბაიჯანელ საველე მეთაურს ძალიან ჰყვარებია ეს ფრინველი), თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, აფხაზეთის ომის შემდეგ, სამხედროებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს Д-20 ტიპის ჰაუბიცები გაუგზავნეს, რომლებიც გზაში მაშინდელმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ დააკავა.
თუმცა ეს მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა იყო და ლაპარაკი საქართველოსა და აზერბაიჯანის სერიოზულ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე არც ღირდა.
90-იანი წლების შუა ხანებში აზერბაიჯანმა საქართველოსგან პირველად იყიდა რამდენიმე Су -25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. ისინი დანიშნულების ადგილზე საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ვალერი ნაყოფიამ გადაიყვანა, რისთვისაც ის უშიშროების სამსახურს ცოტა ხნით შინაპატიმრობაშიც კი ჰყავდა.
პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც აზერბაიჯანისთვის Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის ფაქტი დასტურდება, არის 2006 წლის 30 ივნისით დათარიღებული ამონაწერი გაეროს შეიარაღების რეესტრიდან.
ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე ოფიციალურად ატყობინებს გაეროს შესაბამის სტრუქტურას, რომ 2005 წელს საქართველოსგან შეისყიდა ექვსი Су-25 ტიპის მოიერიშე და ერთი Су-25УБ ტიპის ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, თუმცა ცხადია, თბილისის საავიაციო ქარხანას შვიდ საბრძოლო თვითმფრინავში (მიუხედავად იმისა, რომ ორადგილიანი მოდიფიკაციისა უფრო ძვირი ღირს) 108 მლნ დოლარს არავინ გადაუხდიდა - საეჭვოა, თითოეული თვითმფრინავის ფასი თუნდაც 5 მლნ ყოფილიყო.
გაეროს შეიარაღების რეესტრის მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აზერბაიჯანს ასეთი გარიგება საქართველოს ხელისუფლებასთან ადრეც დაუდვია. ამ რეესტრის 2003 წლის 21 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველომ აზერბაიჯანს 2002 წელს მიჰყიდა ექვსი ერთეული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. თუმცა ვერც ცამეტი მოიერიშის გასაყიდი ფასი მიაღწევს 108 მლნ დოლარს.
2011 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე ტრაგედია დატრიალდა - Су-25-ის ერთ-ერთმა რეაქტიულმა ძრავამ ჰაერმიმღებში შეითრია თბილისის საავიაციო ქარხნის სპეციალისტი, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა.
საქართველოდან სპეციალისტების გაგზავნა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, თბილისის საავიაციო ქარხანა ისევ ყიდის აზერბაიჯანში მოიერიშე Су-25-ებს (ან მათ ფიუზელაჟებს) და აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტების დათვლილ 108 მლნ დოლარში ამ გარიგების საფასურიც შევიდა.
საგულისხმოა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აღარ აწვდის იარაღის ყიდვა-გაყიდვის შესახებ მონაცემებს გაეროს შეიარაღების რეესტრს.
2009 წელს აზერბაიჯანმა კვლავ იყიდა ხუთი ერთეული Су-25, ოღონდ ამჯერად ბელორუსიისგან, რაც დადასტურებულია 2010 წლის 5 ნოემბრის დოკუმენტში.
სხვათა შორის, დღეისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტი (24-30 ერთეული) Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი აზერბაიჯანს ჰყავს, მეორე ადგილზეა სომხეთი 15 მოიერიშით (ერევანმა 2004 წელს სლოვაკეთიდან 10 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა), ბოლო ადგილს კი, 12 მოიერიშით, იკავებს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლიდან ერთადგილიან საბრძოლო Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწყობდა...
აზერბაიჯანმა ისრაელისგან 1,6 მლრდ(!) დოლარის ღირებულების შეიარაღების შესყიდვა დაიწყო. მათ შორის არის "გაბრიელის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო და "ბარაკის" ტიპის საზენიტო რაკეტები და სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო "ჰერონი". ამ მასშტაბის ურთიერთობასთან საქართველო-აზერბაიჯანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მოსატანიც არ არის.