ნინო ბურჯანაძეს და მის თანამებრძოლებს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეშვეობით ამბოხის პროვოცირება და სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია სურთ - ამგვარი მოსაზრება საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს გათვლა ორი მიმართულებით აქვთ, რომელთაგან ერთი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა.
"ასევე, აქვთ გათვლა რუსეთის საოკუპაციო ჯარებზე, რომელთა მეშვეობით სურთ, შეძლონ ამბოხის პროვოცირება და სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, რომელშიც რუსეთი მეგობრულად მხარდაჭერას აღმოუჩენს", - განაცხადა ბარამიძემ.
ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს რეიტინგი ბოლო გამოკითხვით, 2%-ია.
"მათ იციან, რომ არჩევნებზე შანსი არ აქვთ. ამიტომ გადაწყვიტეს, დაუკავშირდნენ რუსეთის ხელისუფლებას, კრემლის ლიდერებს და მათი გეგმებით მოქმედებენ. ყველამ იხილა, რომ მათ კრემლთან აქვთ კონტაქტი", - განაცხადა ბარამიძემ.