გვარდიოლა:

გვარდიოლა: "მადრიდში მოსაგებად ვიყავით, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ (2:1) თამაში შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მადრიდში მოსაგებად ჩავიდა და ეს გამოუვიდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა.

„მადრიდში მოსაგებად ჩამოვედით და ეს გავაკეთეთ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია და თუ რომელიმე გუნდს შეუძლია სხვის მოედანზე გამარჯვება, ეს „რეალია“.

როდესაც კარგად დავიწყეთ თამაში, გოლი გავუშვით, ხოლო როდესაც მეტოქე თამაშობდა უკეთ, ჩვენ გავიტანეთ. ეს ფეხბურთია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ „ენფილდზე“ მეოთხედფინალი, როდესაც საოცრად კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გოლები „ლივერპულს“ გაჰქონდა.

ლაპორტი? ხუთთვიანი უქმობის შემდეგ ძალიან რთული სანახავი იყო კიდევ ერთი ტრავმა. ფერნანდინიომ ის ძალიან კარგად შეცვალა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ფერნანდინიოთი ვამაყობ.

შეგვიძლია ამ მოგებით ვისიამოვნოთ, მაგრამ ეს დასასრული არაა. „სიტი“ გააგრძელებს ბრძოლას პრემიერლიგაში და საპასუხო მატჩზე ვიფიქრებთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, „ეტიჰად სთედიუმზე“ შედგება. აქვე გეტყვით, რომ ეს ამ გუნდების მეხუთე მატჩი იყო და ინგლისელებმა პირველად მოიგეს.