ტურიზმი კორონავირუსისგინ მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის

ტურიზმი კორონავირუსისგინ მიყენებულ ზარალს უკვე ითვლის

რამდენს იზარალებს საქართველოს ტურიზმის სექტორი კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემებისგან? დღევანდელი მოცებულობით ყოველთვიური ზარალი 30 მლნ ლარია, თუმცა მისი მასშტაბები გაიზრდება. ჯერჯერობით ეპიდემიასთან ბრძოლას სასურველი შედეგი ვერ მოაქვს, შესაბამისად, პრობლემები და ზარალი მოიმატებს როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც.

საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ოთარაშვილი ადასტურებს, რომ კორონავირუსიდან გამოწვეულ პრობელმებს სექტორი უკვე გრძნობს.

„კორონავირუსი, სამწუხაროდ, უკვე აისახა ტურისტულ ნაკადებზე და ამას გრძნობს ყველა ტურისტული ობიექტი და სააგენტო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სექტორი დაძლევს ამ გამოწვევას და სეზონს შევხვდებით ძლიერად“, - განაცხადა ოთარაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო ჩინეთთან და ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ამ ქვენების რიგს შეიძლება მიემატოს კორეა და იტალია, სადაც ეპიდემიის საფრთხე დღითი დღე იზრდება.

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა უახლოეს თვეებში არ მოგვარდა, საქართველოში უმრავი პრობლემა წარმოიქმნება.

„მხოლოდ ჩინეთიდან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვით, წინა წლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, დავკარგოთ დაახლოებით 13-14 ათასი ვიზიტორი, რაც ფინანსურ გამოსახულებაში თითო ჩინელი ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული 2253 ლარის გათვალისწინებით, დაახლოებით 30 მილიონს უდრის.

ირანიდან საქართველომ მომდევნო 4 თვის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით შეიძლება 26-27 ათასი ვიზიტორი დაკარგოს, რაც ამ კატეგორიის ვიზიტორების საშუალო ხარჯის - 2715 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დამატებით დაახლოებით 70 მილიონი ლარის დანაკლის ნიშნავს.

ჯამში, მხოლოდ ჩინეთის და ირანის მხოლოდ 4 თვის და მხოლოდ საჰაერო გზით დაბლოკვის შემთხვევაში, საქართველო ტურიზმიდან ვერ მიიღებს მოსალოდნელ 100 მილიონ ლარს. ერთი შეხედვით ეს 100 მილიონი არც ისე ბევრია, მაგრამ ტურიზმის სექტორისთვის ეს შემოსავლების დაახლოებით 10%-იან კლებას ნიშნავს, მთლიანად ეკონომიკისთვის კი ტვირთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაბალია.

სამწუხაროდ, ეს არის ფასი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს, მხოლოდ სიფრთხილის გამოჩენისთვის. იმედს ვიტოვებ ამ სიას არ შეემატება იტალიაც, სადაც ვირუსი ბოლოს დროს შედარებით გააქტიურდა ან საქართველოს რომელიმე მოსაზღვრე მეზობელი ქვეყანაც. მოკლედ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნავს ჭარაია.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ადასტურებს, რომ ასეთი შეზღუდვები ტურიზმისთვის დამაზიანებელია, მაგრამ ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ ქვეყანას მოუწია იმ არაპოპულარულ ზომებზე წასვლა, რაც არის პირდაპირი ფრენების შეჩერება ირანსა და ჩინეთთან.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა მსოფლიო. გლობალური ეკონომიკა სერიოზულად ზარალდება, მათ შორისაა ავიაციის სფერო, ბიზნესი და არა მხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული. ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომაც, წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან.

პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებით არის სულ მცირე, 30 მილიონი ლარი თვეში. გამომდინარე იქედან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, ზარალი მოიმატებს. დიდი იმედი გვაქვს, მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - განაცხადა თურნავამ.