ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე ასპარეზობა კარგად დაიწყო და პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ლეიტუველ რიჩარდას ბერანკისს გაეჯიბრა და სამ სეტიან ბრძოლაში, 2:1 სძლია.
პირველი სეტი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო და ბრეიკით 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მიჯრით სამჯერ თავად დაბრეიკდა და საბოლოოდ, 5:7 წააგო. შედეგად, მეორე სეტში თამაშში და ტურნირში დასარჩენად მოუწია ბრძოლა. სწორედ ეს სეტი გამოდგა ყველაზე დრამატული და დაძაბული. ჩოგბურთელებს საკუთარი ჩაწოდება არ დაუკარგავთ და საბოლოოდ, ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა ივარგა და წონასწორობა აღადგინა.
აი, ბოლო, მესამე სეტში ბასილაშვილისთვის ყველაფერი უფრო ადვილად წარიმართა, მეტოქის პირველი და უკანასკნელი ჩაწოდება მოიგო, თავად არაფერი დაუთმია და 6:3 იმარჯვა.
შეხვედრა ორ საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა და ნიკოლოზმა 5:7, 7:6, 6:3 მოიგო. მერვედფინალში ჩვენებური 26 თებერვალს გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე სამჯერ უთამაშია და ორჯერ გამარჯვება მოიპოვა.