გიორგი კობახიძე - „სააკაშვილი მუდმივად ტყუის“

გიორგი კობახიძე - „სააკაშვილი მუდმივად ტყუის“

პოლიტიკური პარტია „წინ საქართელოს“ ერთ - ერთი ლიდერი გიორგი კობახიძე პოლიტიკოსებს ორ კატეგორიად ყოფს, ერთნი ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობიდან მოვიდნენ, მეორე ნაწილს პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი ანაღვლებს. ისინი ხელმძღვანელობენ ერთადერთი პრინციპით, მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას, ამიტომაცაა, რომ მათ ქმედებებს დამანგრეველ შედეგებამდე მივყავართ.

ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ პოლიტიკოსთა ქმედებებს, მაინც როგორი ზნის ხალხი არიან ისინი?

- პოლიტიკოსებს მე ორ ნაწილად ვყოფ. ერთნი პოლიტიკაში ევოლუციის გზით მოვიდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მეორე ნაწილს უდავოდ აქვს ლტოლვა ძალაუფლებისკენ. ისე, კარიერის გაკეთება სულაც არაა ცუდი, თუ ის სწორი გზით იქნება წარმართული. მოგვიანებით ერთმანეთში აირია ძველი კომკავშირულ - პარტიული ნომენკლატურა და ჩამოყალიბდნენ ახალი ტიპის კომკავშირლები, რომელთათვისაც მიზანი ყოველთვის ამართლებდა საშუალებას. სწორედ ამ ნაწილმა ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება და დღემდე ფლობენ მას. ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალები არათუ შვილობილები, არამედ პირდაპირი მემკვიდრეები არიან „მოქალაქეთა კავშირის“, რომელთა ქმედებებს ქვეყანა დამანგრეველ შედეგებამდე მიჰყავს.

რა თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული ნამდვილი პოლიტიკოსი?

- არამარტო პოლიტიკოსისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია პატრიოტიზმის განცდა, თუმცა, ყოველ წუთს ამაზე არ უნდა საუბრობდეს. მისთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს გრძნობა უნდა იყოს, ყველა დანარჩენი კი ზედნაშენი.

საინტერესოა, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში თუ მოიძებნებიან ასეთი ადამიანები?

- ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობაში ასეთი ტიპის ადამიანები არ მეგულება. მათი დახასიათება მინდა დავიწყო ქვეყნის პირველი პირიდან.

მიხეილ სააკაშვილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე თვალის დაუხამხამებლად ტყუის ისე, რომ არცკი რცხვენია. თან გაიძულებს, ეს ტყუილი დაიჯერო შენც. მან თქვა, ავაშენებ ისეთ ფილარმონიას, რომლის მსგავსი არც ლონდონში და არც ამერიკაში არ იქნებაო. სამარცხვინოზე სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ზესახელმწიფოს თითქოსდა ასეთი შენობის ანალოგი არა აქვს და იმ გაღატაკებულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანი პირველად მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს, აშენებ სანაქებო შენობას. ეტყობა, თავად აქვს გადაწყვეტილი ფილარმონიის მხატვრობაც და არქიტექტორობაც. სააკაშვილისნაირ მატყუარა ადამიანს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკოსი.

რას იტყვით მის თანაგუნდელებზე, რომლებიც გარკვეულწილად განსაზღვრავენ სააკაშვილის რეიტინგს?

- ყველაზე დიდი აგრესია იმ პოლიტიკურ გუნდზე მოდის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ესენი არია, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, კახა ბენდუქიძე და ნინო ბურჯანაძე.

მათ შორის ფუნქციები გადანაწილებულია, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი არიან, ერთი პრინციპით მუშაობენ - მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას, აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი აწუხებთ. ჩემი აზრით, ბურჯანაძე არის მშიშარა ქალბატონი. რომ თქვას, ქალი ვარ და მეშინიაო, ეს გამართლებული არაა. „ნაციონალური მოძრაობის“ თითქმის ყველა წევრს გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამ მხრივ მაია ნადირაძესაც აქვს პრობლემები. არსებობს ისეთი თემები, რომელთა განხილვას მას არ ასწრებენ. ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ლიდერი ქალები რუხი კარდინალების ხელში.

ამით იმის თქმა გინდათ, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არაა?

- არა, ასე არ ვფიქრობ. პოლიტიკაში ქალს ღირსეულად შეუძლია მოღვაწეობა. რაც შეეხება სააკაშვილის თანაგუნდელებს, მათგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა, ახლა კი გვიმტკიცებენ, ყველაზე დიდი ყაჩაღი და დამნაშავე ის არისო.

ამის გამო პრეზიდენტმა საზოგადოებას ბოდიში უკვე მოუხადა, შევცდი, ოქრუაშვილს რომ ვენდობოდიო...

- კარგით რა, ეს ყველაფერი სირცხვილია, მაპატიეთ ასეთი სიტყვისთვის, მაგრამ ამას უკვე აღარავინ „ჭამს“. თურმე ოქრუაშვილი ათეულობით მილიონს ფლანგავდა და ახლა გაიგეს. ადრე მას ანტიპათიურად ვუყურებდი, ახლა კი, რაც მასში სინდისის ქენჯნამ გაიღვიძა, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა.

უმრავლესობის ახალგაზრდა ლიდერების მუშაობას როგორ შეაფასებდით?

- ახლა წარმოჩინდნენ ვახტანგ ბალავაძე, ნინო კალანდაძე და სხვებიც. მათი უმრავლესობა ჩემი შვილის თანატოლები არიან. მათ ვურჩევდი, პასუხისმგებლობის აღებას უფლების მოპოვება სჭირდება, რაც სიაში ჩასმით არ მოიპოვება. ამისთვის საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და სიკეთის თესვა. დასანანი იქნება, რომ მათ მალე პოლიტიკურ პენსიონერთა რიგებში გადაინაცვლონ. ანალოგიური ფაქტი ხომ მათ მონათესავე „მოქალაქეთა კავშირში“ მოხდა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი კანდიდატია წამოყენებული, მათგან რომელს აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი?

- აქამდე რა არჩევნებიც ჩატარებულა, ყველა ნდობას ეყრდნობოდა და არა კანდიდატის პროგრამას. ნება მომეცით, ისინი სათითაოდ დავახასიათო.

დავით გამყრელიძეს სწორი კურსი აქვს არჩეული, ოღონდ არ ვიცი, რამდენად შედეგის მომცემი იქნება ეს. მისი კურსი დროში გათვლილია, ემსახურება იმას, რომ საზოგადოება ჩაუღრმავდეს ნებისმიერი პოლიტიკოსის პროგრამას, რამდენად შესრულებადია ეს.

შალვა ნათელაშვილს აქვს დიდი ხნის განმავლობაში არჩეული კურსი, რომელიც სოციალურ პრობლემებზეა ორიენტირებული და კარგადაც მუშაობს. როგორც ამბობენ, მის იმიჯზე ცუდად მოქმედებს ის გარემოება, რომ ორჯერ მოგებულ ადგილობრივ არჩევნებზე მან პასუხისმგებლობა ვერ აიღო და დათმო საკრებულოს თავმჯდომარეობა. ამ საკითხის ირგვლივ მას თავისი არგუმენტები აქვს, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად დამაჯერებელია.

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, შემიძლია გითხრათ, რომ მისი პროგრამა ყველასთვის გასაგებია. მისი ამოცანაა არსებული სისტემის შეცვლა, რაც ძალიან მომგებიანია, თან მას ის პლუსიც აქვს, რომ საზოგადოების დაკვეთა იყო. ოპოზიციის გაერთიანება, სწორედ ეს გაერთიანებული პარტიები არიან გაჩეჩილაძის მხარდამჭერები.

უფლება არა მაქვს, არ ვილაპარაკო თემურ შაშიაშვილზე, ის არჩევნებში მინიმალური დაფინანსებით შედის. თან მისი გამოცდილება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში აქვს ნამუშევარი, ესეც კარგად მუშაობს. სწორედ მისი პარტია „წინ საქართველო“ იყო პირველი, რომელმაც ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწია და დასაბამი მისცა ლოზუნგს „არ მეშინია!“

ბოლოს, ბატონო გიორგი, შეგიძლიათ, ქილაში გამოამწყვდიოთ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებიან...

- სამწუხაროდ, ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება მათ მეთაურს მიხეილ სააკაშვილს. ქილაში გვერდით თანაგუნდელებიდან არავის მივუსვამ, მაგრამ, რომ არ მოიწყინოს მიშამ, მის გვერდით მოვათავსებდი ფიდელ კასტროს, ლუკაშენკოს და უგო ჩავესს. დასხდებოდნენ ერთად და პრეფერანსს სიამოვნებით ითამაშებდნენ.