რა იმალება უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების უკან?

რა იმალება უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების უკან?

ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება, მაგრამ რა იმალება ოფიციალური სტატისტიკის უკან, ახლა ესაა გასარკვევი. როცა ბოლო წლებში გამუდმებული ფინანსური კრიზისია, ინვესტიციები იკლებს, ეკონომიკა სათანადოდ ვერ ვითარდება და ბიზნესში უკამყოფილება მზარდია, რა განაპიროებს უმუშერობის მაჩვენებლის შემცირებას?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია.

„2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

ამასთანავე, „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული.

ეკონომისტების ერთი ნაწილი გაუმჯობესებულ მონაცემებს მთავრობის გამართულ მუშაობას მიაწერს, ხოლო მეორე ნაწილი კი იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის შემცირებაში გამოიხატება. ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ბოლოდროინდელი ტენდენციით კმაყოფილია.

„მართალია, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება, მაგრამ მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. უმუშევრობის დონის კლება, პირველ რიგში, არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა, რაც ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერაზე და წარმოების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზეა ორიენტირებული.

სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ ბოლო ანგარიშიც აჩვენებს, რომ სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილია და გაფართოებულია 495 საწარმო და სასტუმრო პროექტი, რომლებიც შექმნის 17 ათასზე მეტი სამუშაო ადგილს, ხოლო 2018 წელთან შედარებით, საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31%-ით, ხოლო სასტუმრო პროექტები 48%-ით და ეს ტენდენცია არის მზარდი გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას დაემატა მიკრო და მცირე ბიზნესის კომპონენტიც, რაც არის დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი ეკონომიკაში“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

მაინც როგორ შემცირდა უმუშევრობის დონე თუ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძვრა არ მომხდარა? ამაზე უკვე სხვა ტიპის სტატისტიკა მეტყველებს. საქმე ისაა, რომ შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი, ანუ სამუშაო ძალა ქვეყნიდან გადის.

2017 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 მილიონ 983.1 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო თუ ამავე მაჩვენებელს 2018 წლის ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ მათი რაოდენობა შემცირებულია - შარშანწინ ის 1 მილიონ 939.2 ათას ადამიანს შეადგენდა. გამოდის, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 44 000 ადამიანით შემცირდა. ეს ტენდენცია, 2019 წელსაც გაგრძელდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა უვე 1 მილიონ 911 ათასამდე ჩამოვიდა. კლება ამ შემთხვევაში 28 000 ადამიანია.

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ადასტურებს, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო ძალა გადის წლიდან წლამდე. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მაღალინტელექტუალური კატეგორია ტოვებს ქვეყანას.

„პრობლემა იმდენად დიდია, რომ საქართველოდან წასულები უცხოეთის მოქალაქეობას იღებენ და ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ. სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად შემცირებულია მოსახლეობა. მომავალი თაობები უცხოეთში იბადებიან, იზრდებიან და ნაკლები კონტაქტი აქვთ სამშობლოსთან.

უმუშევრობის დონე, ახლა ყველაზე დაბალია 2012 წლიდან, მაგრამ რის ხარჯზე, ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა. ასეთი სტატისტიკა, გარკვეულწილად, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას უკავშირდება. სამაგიეროდ იზრდება შემოდინება აზიური ქვეყნებიდან. როცა უმუშევრობის დონე ემიგრანტთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე მცირდება, ეს ვერ იქნება დადებითი მომენტი“, - განაცხადა სილაგაძემ.

Katana . "არსებობს ჩვეულებრივი ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა." - ღმერთმა აცხონოს მარკ ტვენი!

თუ ასე გაგრძელდა, მალე მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობა გაიკრიფება საქართველოდან და მხოლოდ პარლამენტარები და მინისტრები დარჩებიან, თავიანთი მოადგილეებით.
აი მერე ნახეთ ჩვენი სტატისტიკა! - გვექნება მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი: 100%-ანი დასაქმება ქვეყანაში!
4 წლის უკან
Goliaff ადგილი არ მეყოფა იმის ასაღწერად თუ რა სისულელეს, ტყუილს “აჭმევს” საქსტატის და ამათნაირი ფსევდო მეცნიერებებზე დამყარებული ორგანიზაციები ჩვენს მოსახლეობას. თუმცა მხოლოდ ჩვენ არ გვყავს “საქსტატი” ის მსოფლიოში ყველა დემოკრატიულ ხელისუფლების სადარაჯოზე შრომობს. ეს ერთგვარ შეთქმულებას ჰგავს და მხოლოდ ახსნა განმარტებით ვერ შეებრძოლები.
4 წლის უკან