საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

[ნიკა ასლანიძე]
სამშენებლო სექტორის გულისცემა იმდენად სუსტია, რომ ქართველებს უკვე აღარც კი ესმით. მიუხედავად ამისა, უცხოელებს ეს ყველაფერი მოსწონთ და მიბაძვასაც აპირებენ. ესე იგი მათთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე, ან საქართველო აშენებულა და ქართველები ვეღარც ამჩნევენ.

ექსპერტის გიორგი ბარვენაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის უძრავი ქონების ღირებულებამ ბათუმსა და ზოგადად შავიზღვისპირეთში ცოტათი მოიმატა, უმნიშვნელო ცვლილებები შეინიშნება დედაქალაქშიც, თუმცა საბაზრო ფასი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, რის მიზეზადაც საზაფხულო სეზონი სახელდება.

- “ბათუმსა და ზოგადად შავიზღვისპირეთში ზაფხულის განმავლობაში უძრავი ქონების ფასმა 15 პროცენტით მოიმატა. თბილისში, ფაქტობრივად, იგივე ფასი დარჩა, ცვლილებები მხოლოდ 5-7 პროცენტის ფარგლებშია. საბაზრო ფასი უფრო სექტემბერში ჩამოყალიბდება.

ზაფხული უძრავი ქონების ბაზრისთვის პასიურია, მოთხოვნა მაინც და მაინც არ ფიქსირდება. საბოლოო ჯამში, ახალი საგადასახადო კოდექსი უძრავი ქონების გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ არა ერთბაშად”, - აცხადებს ბარვენაშვილი.
მისი აზრით, უძრავი ქონების ბაზარზე ბუმს რამდენიმე ხნის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ.

ცოტა არ იყოს, რთული იქნება ფასების დადგენაც, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. მაგალითად, უმრავლესობას უძრავი ქონება მაღალ ფასში აქვს ნაყიდი. თუკი 2 წლის წინათ ვაკეში 1 კვადრატული მეტრი 1500 დოლარი ღირდა და ახლა 1000 დოლარს ჩამოცდა. ცხადია, მისი რეალიზაციისას მფლობელს წაგებაზე მოუწევს წასვლა.

რეალიზაციის ნაწილში მომხმარებლის პასიურობამ უშუალო გავლენა მოახდინა მთლიანად დარგზე. კარგა ხანია, მშენებლობის პულსი ძლივსღა ფეთქავს. მართალია, მის გადასარჩენად სახვადასხვა რეცეპტები იწერება, მაგრამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ ჩანს.

მერიის მიერ დაწყებულმა ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტმაც კი ვერ შეძლოს მიმკვდარებული მშენებლობების გამოცოცხლება. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე კი მორიგი ინიციატივით გამოდის. გიორგი კაპანაძის განცხადებით, იმისათვის, რომ კლიენტსა და სამშენებლო კომპანიას შორის ნდობა აღდგეს, დეველოპერმა სპეციალური გეგმა უნდა შეიმუშაოს, სადაც გაწერილი იქნება რომელი მშენებლობა რა პერიოდში უნდა დასრულდეს.

შესაბამისად, კლიენტს საშუალება ექნება მშენებლობების მიმდინარეობას ღიად დააკვირდეს. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, სამშენებლო კომპანიას და კლიენტს შორის ნდობის დაკარგვა დეველოპერების ბრალი არ არის და ეს გარემო პირობებმა, ასევე გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიტანა.

ერთი სიტყვით, ასეთი ვითარებაა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, მაგრამ ასეთი უძრაობაც კი ჩვენს პარტნიორებს გაჩაღებულ მუშაობად ეჩენებათ. მაგალითად, უკრაინის მრეწველობისა და პოლიტიკის რეგულაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგეი ტრეტიაკის სიტყვებით, მთელი საქართველო სამშენებლო მოედანს ჰგავს.

ამის მიზეზი კი ძალიან მარტივი რამ ყოფილა. თურმე ის, რომ საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემა სამ, ზოგჯერ კი ერთ დღეშია შესაძლებელი. ტრეტიაკის აზრით, პროცედურის სიმარტივეს კორუფცია ნოლამდე დაჰყავს. ამიტომაც მშენებლობის ნებართვის გაცემისას უკრაინა ქართული მოდელით იხელმძღვანელებს.

”საქართველოში ლიცენზიისა და ნებართვის აღებასთან დაკავშირებით კორუფცია, ფაქტობრივად, არ არსებობს, იმდენად მარტივია ეს პროცედურა. ჩვენ მივხვდით, რომ ქრთამი უბრალოდ არაა საჭირო და ჩვენ ამ გზით წავალთ”, - განაცხადა უკრაინელმა ჩინოვნიკმა.

ტრეტიაკმა, ალბათ არა, მაგრამ ქართველებმა უკვე ნამდვილად იციან, რომ მარტო ნებართვის გაცემის სიმარტივე საქმეს არ შველის. ამიტომაა, რომ საქართველო და მისი დედაქალაქი მშენებლობის მოედანს კი ჰგავს, მაგრამ ეს დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანია და არა დასრულებული, კეთილმოწყობილი შენობები.