„მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“

„მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“

„გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“, - ამ დაპირებით 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შს ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება. ამასთან, ყოფილმა შს მინისტრმა პოლიციელებს მიმართა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში პოლიციელების ღირსების აღსადგენად.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის... ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილი არ აკონკრეტებს რომელ გუნდთან გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ამბობს, რომ სამწუხაროდ, მისი უახლოესი მეგობრები სხვადასხვა პარტიაში არიან, თუმცა აქვე დასძენს, რომ ყველას შეხვდება და მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა. მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი შს მინისტრის „გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით“ ამაყობს ქვეყნიდან გაქცეული ექს-პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მერაბიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, - ხედავს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ყოფილმა შს მინისტრმა და, რომ არა ეს გადაცდომები, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა.

„მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, - წერს მიხიელ სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მერაბიშვილი აუცილებლად იქნება პოლიტიკაში და გააგრძელებს ბრძოლას დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა იქნება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამბობს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ურთიერთობას თავად გაარკვევენ.

„ყველამ ნახეთ, რომ მან გააკეთა განცხადება - ერთიც და მეორე პარტიაც, რომლებიც დღეს სხვადასხვა პარტიას წარმოადგენენ, არიან მისი მეგობრები. ამიტომ ის, როგორც გადაწყვეტს ამ ბრძოლას, ჩვენ დავემორჩილებით და დავეთანხმებით მის გადაწყვეტილებას. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება. ვანო მერაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და მას აქვს უფლება, თქვას, რომ უნდა იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. აუცილებლად შევხვდებით და გვექნება მასთან პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ასეთი ამბები არასდროს აღარ მოხდეს და საქართველოში პოლიტიკური დაკვეთით ვინმე ციხეში არ იჯდეს. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ შეეგუოს და გიგი უგულავას სცენარი განმეორდეს.

„არ ვიცი, ივანიშვილი რას დააპირებს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ვერ შეძლებს. ამაში კი დავეთანხმები უკვე გათავისუფლებულ ვანო მერაბიშვილს, რომ წელს ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დამარცხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ის ხალხი, ვინც გუშინ წინ სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით, ან ხვალ ვიქნებით, ჩემი ძველი მეგობრები თუ არამეგობრებიც, რომ ამგვარი სცენარი, რაც მერაბიშვილის, რაც სხვების შემთხვევაში მოხდა, არასდროს საქართველოში არავის მიმართ აღარ მოხდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იმ შემხვევაში, თუ ვანო მერაბიშვილს უახლოეს ხანში სხვა ბრალდებით შეაბრუნებენ ციხეში, „ლელოს“ ლიდერის შეფასებით, ის ნამდვილად იქნება პოლიტპატიმარი. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წინა და დღევანდელი ხელისუფლების მართლმსაჯულება ერთ სისტემაზე დგას.

„მთავარი კითხვა, რაც ვანო მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ ის უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა მოყვეს, რა თანხებით აფინანსებდა, რადგან ბირთვი, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს და უსამართლობას ნერგავს, დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და გადაცემულია „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ თავები შეიცვალა, სხვა არაფერი.

რაც შეეხება მის განცხადებას, ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის, ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მერაბიშვილის წარსულიდან გამომდინარე, მას პოლიტიკურ ველზე ვერ ხედავს უმრავლესობა. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერაბიშვილი დროსა და სივრცეში დაკარგულია. შესაბამისად, კალაძე მერაბიშვილს ურჩევს, ჩაეხუტოს ოჯახს და გაერკვეს რეალობაში.

„მეტი ვანო ოპოზიციას... მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მერაბიშვილს უნდა ვაცადოთ, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას, და მხოლოდ შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს.

„არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადებაზე რაიმე სერიოზული კომენტარია ჩემგან საჭირო, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს.

მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ, არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მონანიების ნაცვლად, ისევ დიდ გულზეა და თითსაც იქნევს. მისი თქმით, ოპონენტების მთავარი პრობლემაა, ვინც ვანო მერაბიშვილი ტაშისკვრით მიიღო, რადგან ეს არის ადამიანი, ვინც ორი გვამი მოითხოვა, ვინც დანაშაულები რეალობაში ჩაიდინა.

„დანაშაულს არ აღიარებს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ჩაიდინა. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და დანაშაული არ არის. სიტყვა „დამხობა“-ს სამართლებრივ საკითხს ვერ მივუყენებ, მაგრამ დავინახოთ, საქმე ვისთან გვაქვს. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც მან სასჯელი მოიხადა და დანაშაულად არ მიაჩნია.

როცა შვიდი წელი ციხეში გაატარებ, შეიძლება, გონზე არ იყო და აგრესია, რაც შიგნით გქონდა დაბუდებული, გადმოანთხიო ისე, რომ არც დაფიქრდე. ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად, დიდ გულზეა და თითსაც იქნევს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილის რიტორიკა, რომელიც პატიმრობიდან განთავისუფელბის შემდეგ მოვისმინეთ, დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის შეფასებით, იმ მეხსიერების გაგრძელებაა, რომელიც, ეტყობა, მას პატიმრობამდე ჰქონდა. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, ამ ქვეყანაში როდესმე, არ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა.

„რომელ პარტიაში წავა, ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც, ვფიქრობ, არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა.

მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას, ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, ვანო მერაბიშვილს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და მიზუდულობის ახალ ცენტრს, ვერ ხედავს.

„ელექტორატი, პირობითად, სამად არის გაყოფილი. ესენი არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“, გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ჯამური მხარდამჭერები და ნეიტრალური. დღეს თამაში მიდის იმაზე, ნეიტრალური ამომრჩეველი საით წავა. ეს ნეიტრალური ამომრჩეველი რომ ვანოს ამომრჩეველი არ არის, ფაქტია. ამიტომ, როგორც მიზიდულობის ცენტრს და ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ გადამყვან ტიპაჟს და პოლიტიკურ ლიდერს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ვანო მერაბიშვილი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სურთ, სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ წარმოაჩინონ“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომლის განცხადებით, მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები.

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს, ვინც ამას აკეთებს.

ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და, ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე. „ქართული ოცნება“ და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.