გადაწყვეტილია: თბილისის მერია მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმებს ჩამოაწერს

გადაწყვეტილია: თბილისის მერია მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმებს ჩამოაწერს

რამდენიმე დღის წინ გამოთქმული ვარაუდი დადასტურდა. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება. საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაევალა. ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს.

საარჩევნო წელს ბევრი ასეთი ამნისტიაა მოსალოდნელი, მაგრამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ესტაფეტა. მიუხედავად ამისა, მერიის გადადგმული ნაბიჯი ყველა შემთხვევაში დადებითად აღიქმება, რადგან „სითი პარკის“ მიერ ხშირად უსამართლოდ ჯარიმდებოდნენ ავტომფლობელები და თბილისის მოსახლეობაც მათდამი აგრესიას არ მალავდა.

მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ სხდომაზე თბილისი მერმაც ისაუბრა:

„ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ „სითი პარკისგან“ ჯარიმები გამოისყიდა და კალაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიის შემოყვანას აღარ გეგმავს და თავად აპირებს გააგრძელოს საპარკინგე ადგილების მართვა. შემოსავალი არც ისე მცირეა - წელიწადში 22 მილიონი ლარი.

კალაძემ კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან „სითი პარკს“ არაფერი მიუღია. მერიამ კი „სითი პარკს“ მორიგების სანაცვლოდ 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა. ამით „სითი პარკთან“ დაწყებული დავა, როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟის მიმართულებით, მოლაპარაკებით დასრულდა. კერძოდ, შეთანხმების შედეგად თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივიც შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის იყო საჭირო.

„ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება ავტომფლობელებისადმი დამოკიდებულებას, თბილისის მერმა შედარებისთვის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში, „სითი პარკის“ მიერ, დაახლოებით, 1 200 000 ჯარიმა იწერებოდა, მას შემდეგ კი, რაც ოპერირებას „თბილისის პარკინგი“ ახორციელებს, დაჯარიმებულთა რიცხვი 500 000-მდე შემცირდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მერია პარკირების ოპერირების უფლების გაყიდვას აღარ გეგმავს.

 

Aburjga Tasmanieli ვინმე აპირებდა გადახდას?!
4 წლის უკან